25 თებერვალი, 2016

“შემოდიოდა სიკვდილი ცელით” – კოლაუ ნადირაძის გენიალური ლექსის ისტორია

1kolau-31921 წლის 25 თებერვალი ერთ-ერთი უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში. კოლაუ ნადირაძის ლექსი “1921 წლის 25 თებერვალი“ ამ მოვლენების ყველაზე მძაფრი და ზუსტი გამოხატულებაა.

ფონდის “ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის” ხელმძღვანელი ნინო ჩხიკვიშვილი‎ კოლაუ ნადირაძის ამ ლექსთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას აქვეყნებს:

***

“აქა ამბავი კოლაუ ნადირაძის ლექსისა 1921 წლის 25 თებერვალი:

…რაკი ორჯონიკიძე (კოლაუსთვის უხსენებელი) ვახსენე, აქვე უნდა გავიხსენო ლექსი “1921 წლის 25 თებერვალი“. ამ ლექსმა აზიდა ფარზე კოლაუ ნადირაძე სიცოცხლის მიმწუხრს კიდევ ერთხელ, როგორც მოქალაქე, როგორც პოეტი და მამულიშვილი.

***

უსაზღვროდ იყო გახარებული, როცა ეს ლექსი გაიპარა “პოეტის ათას სტრიქონში” – ხომ ჩავეცი კომუნისტებს ლახვარი ზურგშიო! – მითხრა და მომიყვა, როგორ დაიბარეს იქ, სადაც ჯერ არს და დაკითხეს ახალგაზრდა ჩეკისტებმა – მაინც რად დაწერე “შემოდიოდა სიკვდილი ცელითო”?! – რომ მკითხეს, მივუგე – ყოველთვის სიმართლეს ვწერდი და, აბა, რაღა ახლა უნდა დამეწერა სიცრუე-მეთქი?! ასაკმა გადამარჩინა, თორემ ნამდვილად დამიჭერდნენო! – ესეც მითხრა და გაიხსენა, როგორ გაიმართა მაშინდელ მწერალთა კავშირში გამგეობის საგანგებო სხდომა. ისე, ძველი დრო რომ ყოფილიყო, მხცოვან ცისფერყანწელს აუცილებლად გარიცხავდნენ მწერალთა კავშირიდან, ახლა კი უთქვამთ, ამ სხდომას ნუ დაესწრებითო… და არც დასწრებია!

როგორც კოლაუს ვაჟი, ნუგზარი, იგონებს, მწერალთა კავშირში ყოფილან, როცა კავშირის მაშინდელ თავმჯდომარე შოთა ნიშნიანიძეს უთქვამს კოლაუსთვის, ცოტა ხანში მწერალთა საგანგებო სხდომაა დანიშნული, სადაც თქვენი საქმე განიხილება და უნდა დაესწროთო. მერე შოთა ხოზე ადეიშვილთან მისულა, რაღაცა უთქვამს და ჩქარი ნაბიჯით წასულა… ის იყო შოთა თვალს მიეფარა, ხოზე ჩვენთან მოვიდა და გვითხრა: სხვათა თანდასწრებით მოიქცა შოთა ასე, თორემ თქვენ, ბატონო კოლაუ, ნუ დაესწრებით ამ კრებასო.

საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის სხდომას, რომელიც 1985 წლის 3 სექტემბერს გაიმართა, შოთა ნიშნიანიძე თავმჯდომარეობდა. ესწრებოდნენ ჯანსუღ ჩარკვიანი და თამაზ ჭილაძე. მდივანი – რეზო კვერენჩხილაძე.

დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, პირველ საკითხად, როგორც ოქმის (N25) ჩანაწერიდან ვიგებთ, ნ. ნადირაძის საკითხი იხილებოდა და … ნ. ნადირაძის ავტოგრაფის დაბეჭდვის შესახებ აზრი გამოთქვეს:

შოთა ნიშნიანიძე: გუშინ ჩემთან, როგორც მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარესთან, მოვიდა პოეტი ნიკოლოზ ნადირაძე და, როგორც აღსარება, ისე გამანდო შემდეგი:
ნიკოლოზ ნადირაძის განცხადება:

ცუდად გახმაურდა ეს ჩემი ლექსი, რომელიც, მართალია, 1966 წელს დავწერე, მაგრამ, დამიჯერეთ ამ ხნის კაცს, არც კი მახსოვდა. გამართლება არა აქვს ამ ფაქტს, მაგრამ მაინც აგიხსნით, რა ვითარებაში დაიწერა ეს ლექსი. იმ დღეს პაოლო იაშვილის თავის მოკვლის დღე იყო. რამდენიმე მწერალთან ერთად, შ. დემეტრაძეც იქ იყო. ქაშვეთში წავედით, გრიგოლ ორბელიანის საფლავი ვინახულეთ, მათი სულის მოსახსენიებელი დავლიეთ, კარგად შეზარხოშებულნი დავიშალენით. სახლში მიმყვა ეს განწყობილება, გამახსენდა ყრმობის დრო, პაოლოსთან ერთად გატარებული დღეები, ტირილი ამივარდა…

ასეთ კრიზისულ წუთებში დავწერე ეს ლექსი, ლექსად კი არ ვთვლი სინამდვილეში. წუთიერი სულიერი კრიზისი გადმოვანთხიე ქაღალდზე, ვაჩუქე შ. დემეტრაძეს, მივიწყებული მქონდა.
ვინც ეს ლექსი გამომცემლობაში მიიტანა, ის კაცი არის ყველაზე ბოროტმოქმედი, ავისმზრახველი როგორც ჩემ მიმართ, ასევე სახელმწიფოს მიმართ.

ბრალს ვდებ გამომცემლობას, მე რომ ცოცხალი ვარ, რატომ ჩემთან არ მოვიდნენ. ჩემი არქივი მე მაქვს, ვიღაც ავისგანმზრახველმა მიასწავლა მაგათ, რომ მუზეუმში ინახებოდა ეს ავტოგრაფი. თუ ფაქსიმილე სჭირდებოდათ, რატომ ჩემთან არ მოვიდნენ?

მე რომ თავად ცუდი განზრახვა მქონოდა, შემეძლო, მოდისიდენტო ჭკუანაღრძობი ხალხისათვის გადამეცა ეს ლექსი ან ამ თხუთმეტი წლის მანძილზე რაღაცას ჩავიდენდი საძრახისს…

შ. ნიშნიანიძე: ნ. ნადირაძე თვითონ ძალიან წუხს, სინდისი ქენჯნის, მაგრამ ეს ისეთი ფაქტია და ამას ვამბობ, როგორც მოქალაქე, თავმჯდომარე, თქვენი კოლეგა, ეს იმდენად ამაზრზენი ფაქტია, არავითარი გამართლება არა აქვს.

ის შეძრწუნება, ჭირის ოფლში გავლა, რაც დაკავშირებულია ამ ლექსის წაკითხვასთან, არასოდეს დაავიწყდება იმას, ვისაც ეს ფაქტი გაახსენდება.

ჩვენ ნ. ნადირაძეს ვთხოვეთ, მოსულიყო სამდივნოზე, მაგრამ 93 წლის კაცი ფიზიკურად დაუძლურებულია და სკლეროზიც მოჭარბებული აქვს. ეტყობა, ამიტომ ვერ გამოცხადდა.
ჩვენ, როგორც მის კოლეგებს, სრული მორალური უფლება გვაქვს, ასეთი დანაშაულის, შეცდომის გამო ნ. ნადირაძე ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე გავრიცხოთ მწერალთა კავშირიდან. მაგრამ შემოქმედებითი ინტელიგენციისადმი რესპუბლიკის ხელმძღვანელობის სათუთი და გულისხმიერი დამოკიდებულებით უნდა აიხსნას ის, რომ ამ ზომას არ მივმართავთ.
ვითვალისწინებთ რა ღრმა მოხუცის ზემოთ მოყვანილ აღსარების, მონანიების სიტყვებს, არ მივმართავთ ამ უკიდურეს ზომას.

ჯ. ჩარკვიანი: მე აღვშფოთდი, როცა ეს ლექსი წავიკითხე. ისეთი იდეური პოეტისგან, რომელსაც აქვს ლექსები “ლენინი”, “მავზოლეუმი” და სხვა. არ მოველოდი ამგვარ პუბლიკაციას.
სკლეროზულ მოვლენებზე იყო ლაპარაკი. 77 წლის ასაკში, როცა ეს ლექსი დაიწერა, ცხადია, კარგად ვერ იქნებოდა ნ. ნადირაძე. ამასთან ერთად, ვფიქრობ, მთვრალ მდგომარეობაში ყოფნამ, სიყრმის მეგობარი პოეტის მწარე ბედის გახსენებით გამოწვეულმა აგზნებამ დააწერინა. იმასაც დავძენ: მუზეუმში უამრავი რამ ინახება, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიცეს. ისიც უნდა ითქვას: თავად საშინლად განიცდის ამ მდგომარეობას და ჩვენც მეტი რაღა უნდა ვუყოთ საცოდავ მოხუცს…

თ.ჭილაძე: ჩემი აზრი ემთხვევა შოთასა და ჯანსუღის აზრს. ნ. ნადირაძე შემთხვევითი პიროვნება არაა. ისეთი იდეური ლექსების ავტორისაგან, როგორიცაა მისი “წითელი მოედანი”, “მავზოლეუმი” და სხვ. მართლაც საკვირველია ასეთი ლექსის დაწერა.
ეს არაა შეგნებული ნაბიჯი, რადგან მთელ მის ცხოვრებაში არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ვიზიარებ ჩემი მეგობრების პოზიციას.

დაადგინეს: მწერალთა კავშირის სამდივნო, გამოხატავს რა მთელი ქართული მწერლობის აზრს, უკიდურეს გულისწყრომას გამოთქვამს ზემოხსენებული ფაქტის მიმართ და სასტიკად კიცხავს ნ. ნადირაძეს ჩვენი ასეთი შერცხვენისთვის.
(მასალა მოვიძიე უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების ფონდიდან N8, ჩანაწერი N1, საქმე N3248, ფურცელი 30-33).

***

ვერაფერს იტყვი. ამ სხდომის ოქმი რომ წავიკითხე, აბსურდის თეატრი მომაგონდა!..
ისე, რას ერჩი, კი გადაარჩინეს უკანასკნელი ყანწელი…

***

რაც შეეხება ლექსის დაწერის ნამდვილ ისტორიას, პოეტმა მიამბო, როდის და როგორ დაიწერა “25 თებერვალი”:

“1969 წლის 25 თებერვალი გათენდა და მე და ჩემი მეგობრები: შალვა დემეტრაძე, ლელი ხოტივარი, შალვა კაშმაძე, ლადო გველესიანი (ახლა არცერთი ცოცხალი აღარაა) ქაშვეთში წავედით, სანთლები დავუნთეთ საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ თავდადებულთა სულებს, მოვინახულეთ გრიგოლ ორბელიანის საფლავი; კაეშანი შემომაწვა გულზე, შინ რომ დავბრუნდი, დავწერე ეს ლექსი და შალვა დემეტრაძეს გადავეცი – შენ ჩემზე გაცილებით ახალგაზრდა ხარ, იქნებ ჩემ შემდეგ მაინც დადგეს ლექსის დაბეჭდვის დრო-მეთქი! არადა, შალვა გარდაიცვალა, მე კი ცოცხალი დავრჩი (არ არის ეს სასწაული? – სულ უკვირდა ბატონ კოლაუს!). მისი არქივი ლიტერატურის მუზეუმმა წაიღო, მათ შორის, ჩემი ლექსიც… და, ეტყობა, არ ენება განგებას ამ ლექსის დაკარგვა! – ასე მოხდა ეს ამბავი, ეტყობა, ლექსსაც, ადამიანისა არ იყოს, თავისი ბედი აქვს!” – ბრძანა ბატონმა კოლაუმ.

ისე კი იყო ირონია ბედისა, რომ ლექსი მაინცდამაინც იმ წიგნში დაიბეჭდა, რომელიც დიდი ოქტომბრის რევოლუციის 70 წლისთავს მიეძღვნა (და ამ ლექსის დაბეჭდვას გადაჰყვნენ გამომცემლობის მთავარი რედაქტორი მამუკა წიკლაური, მოადგილე იზა ორჯონიკიძე, განყოფილების გამგე გრიგოლ ჯულუხიძე, რედაქტორი ლეილა ბეროშვილი, მხატვრული რედაქტორი სპარტაკ ცინცაძე, მხატვარი კარლო ფაჩულია და ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელი გურამ ვანიძე). წიგნის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ:

“ეს გამოცემა ეძღვნება დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 70 წლისთავს და, იმედი გვაქვს, მკითხველს თუმცა მთლიანს ვერა, მაგრამ შეუმცდარ წარმოდგენას მაინც შეუქმნის პოეტთა შემოქმედებით გზაზეც და, საერთოდ, ქართული ლექსის იმ საგანძურზე, რაც საბჭოთა ეპოქით არის შთაგონებული…”
გაგონილა ამისთანა ირონია?

***

კოლაუს ვაჟმა გაიხსენა, სრულიად შემთხვევით რომ მოხვდა მამასთან ერთად ოპერის წინ, წიგნის მაღაზიაში და მაღაზიის გამგემ მოწიწებით მიართვა საჩუქრად კოლაუს ახალი წიგნი, რომ კოლაუმ არაფერი იცოდა ამის შესახებ, მოიტანეს თუ არა შინ, გადაუშლია ნუგზარს, წაუკითხავს და გაოგნებულა, ელდა დასცემია:
– გვღუპავ, მამა, დანას გვიყრი ყელში, რატომ გაგვიმეტე ასე?! – მამას გასცინებია და უპასუხებია:
– გღუპავთ?! რათა, შვილო, რათა? შენისთანა შვილი, თქვენისთანა ოჯახი რატომ უნდა დაღუპოს მამამ?!
– აბა, ეს რამ დაგაწერინა?
– რაო? – ისევ ჩაეკითხა პოეტი და შვილმა მისი ოდინდელი ლექსი, “25 თებერვალი”, წაუკითხა თურმე…
კოლაუს გასცინებია: კარგად კი დამიწერია და რას მერჩიო!
მერე იყო და… “ამერიკის ხმამ” გადმოსცა ლექსი და ასე გახდა ცნობილი საბჭოური ცენზურის “ჩეპე”… კოლაუ ნადირაძის “25 თებერვალი, 1921 წ.”

***

შალვა დემეტრაძე ვერ მოესწრო, ავტორმა კი დიდხანს იცოცხლა და სიკვდილამდე სულ რამდენიმე წლით ადრე კვლავ გამოცხადდა აკრძალულ პოეტად. ასე მოხდა ეს ამბავი!”

წიგნიდან “უკანასკნელი ცისფერყანწელი“