28 იანვარი, 2016

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი The Guardian-ის ფოკუსში

1tbilisi-operaთბილისის განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანული გამოცემის The Guardian-ის ფოკუსში მოექცა.

თეატრის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე გამოცემა წერილს აქვეყნებს. „თბილისში იხსნება ოპერა, რომელიც იმპერატორებს, საბჭოეთსა და სამოქალაქო ომს გადაურჩა“ – ასეთია სტატიის სახელწოდება, რომლის ავტორიც მკითხველებს თეატრის 165 წლიან ისტორიას აცნობს და სთავაზობს ინტერვიუებს საბალეტო დასის ხელმძღვანელთან ნინო ანანიაშვილთან და თეატრის ტექნიკურ დირექტორთან ზურაბ ლომიძესთან.

“თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ორჯერ დაიწვა. ახლა ახალი ერა იწყება 165-წლიანი ისტორიის მქონე ოპერის და ბალეტის თეატრში: ამ კვირაში ის ხელახლა გაიხსნება ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის სახსრებით. სეზონს ტრადიციული “აბესალომ და ეთერი” ხსნის. საქართველოს ხელოვნების მდიდარი ტრადიცია აქვს, რომელიც საუკუნეების წინ, იმ დროით თარიღდება, სანამ რუსეთის იმპერიისა და შემდეგ საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ მოექცეოდა. ოპერა XIX საუკუნეში აშენდა რუსეთის მეფის კონსულის მიერ, როგორც ქრთამი, იმ იმედით, რომ ქართველები მოსკოვის მმართველობისადმი კეთილად განეწყობოდნენ. კომუნისტების დროს, თბილისი მოსკოვის შემდეგ წამყვანი ადგილი იყო ოპერისა და ბალეტის წარმოდგენებისა. საქართველოში 1991 წლის სამოქალაქო ომის დროს თბილისის ოპერის სახლის დირექტორი ზურაბ ლომიძე გახლდათ. როდესაც გარეთ ბრძოლა მიმდინარეობდა, ის და სხვა პერსონალი ოპერაში რჩებოდნენ მის დასაცავად,” – აღნიშნულია სტატიაში.

“ერთ დღეს შეიარაღებულმა ადამიანებმა კარები ჩამოიღეს, გვითხრეს, რომ ოპერა თავშესაფრად სჭირდებოდათ. როდესაც წავიდნენ, შესასვლელი კარი აღარ გვქონდა და კედელი ტყვიებით იყო დაცხრილული. მოგვიანებით, როდესაც ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნა, მინდოდა ნატყვიარ კედელზე შუშის კედელი გაგვეკეთებინა წარწერით: “კულტურას ასე არ უნდა მოექცე!” სამოქალაქო ომის შემდეგ, ბილეთის ფასი ისეთი დაბალი იყო, პერსონალს ხელფასებს ვერ ვუხდიდით. შიგნით ძალიან ციოდა, მაგრამ მოთხოვნა დიდი იყო. შეიძლება ოპერა ფუფუნებაა, მაგრამ იმ დროს აუცილებლობა იყო, – ამბობს ინტერვიუში ზურაბ ლომიძე.

“ოპერის თეატრის აღდგენით ქართული კულტურის აღორძინება იწყება. ვიმედოვნებთ, ეს მომენტი ქართულ კულტურაში ხელახალი დაბადება იქნება. კულტურა ჩვენი სახეა. დიდი სურვილი მაქვს, რომ საოპერო და საბალეტო დასის ქართველი ვარსკვლავები, რომლებმაც მსოფლიოს უდიდესი სცენები დაიპყრეს, კვლავ ქართულ თეატრს დაუბრუნდნენ,” – აღნიშნავს ნინო ანანიაშვილი.