19 იანვარი, 2016

SOS! – ოპერის თეატრის გახსნა მუსიკოსების გარეშე

1ganaxlebuli-opera-musikosebis-garesheმუსიკისმცოდნე მზია ჯაფარიძე თბილისის ოპერისა და ბალეტის განახლებული შენობის გახსნასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მის სამხატვრო ხელმძღვანელობას დავით კინწურაშვილს რამდენიმე ბრალდებას უყენებს.

მზია ჯაფარიძე:

“SOS!

ოპერის თეატრის გახსნა მუსიკოსების გარეშე!

ყველამ ვიცით, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ოპერის თეატრი 30 იანვარს გაიხსნება, ხოლო ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ ახალი პრემიერა კი 30 წლიანი პაუზის შემდეგ გაიმართება! შესანიშნავია! ყველა მუსიკოსი გულისფანცქალით ელოდება ამ საზეიმო დღეს, განახლებული ქართული კლასიკის ხილვას, მაგრამ, ნურას უკაცრავად…

აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჩემსა თუ სხვა მუსიკისმცოდნეებზე, საუბარია ფალიაშვილის მუზეუმზე (!!!), კონსერვატორიაზე, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირზე. არც ერთს არ ერგო ბილეთები ნანატრ „აბესალომზე“ და ოპერის თეატრის გახსნაზე.

თურმე ნუ იტყვით და სამხატვრო ხელმძღვანელს, ბ-ნ კინწურაშვილს ფალიაშვილის მუზეუმის წარმომადგენლისთვის უბრძანებია, რომ მოსაწვევების მთელი რაოდენობა გასანაწილებლად კულტურის სამინისტრომ წაიღო და ის ანაწილებს პარლამენტარებზე, დიპლომატიურ კორპუსსა და ბიზნესმენებზე. ხოლო ბილეთის ღირებულება, გაინტერესებთ, რამდენია – 350 ლარი (!). ეს მაშინ ხდება, როდესაც კონსერვატორიის ზოგერთი პროფესორის ხელფასი 32-სა და 152 ლარს შორის მერყეობს (?!).

ბ-ნ კინწურაშვილს, ეტყობა, ისიც დაავიწყდა, რომ არცთუ დიდი ხნის წინ ფალიაშვილის მუზეუმმა ნახევარი საუკუნის შემდეგ ხელახლა გამოსცა „აბესალომ და ეთერის“ კლავირი. თვითონაც ბრძანდებოდა კლავირის პრეზენტაციაზე. რა მოკლეა კაცის მეხსიერება! და საერთოდ, ჩვენი ერის დიდი ნაწილისაც, თუმცა ეს ცალკე სასაუბრო თემაა.

ბ-ნ კინწურაშვილს მინდა მოვახსენო, თბილისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს ელემენტარული რამ: რომ არა ზაქარია ფალიაშვილი, ქართული ოპერა არ იარსებებდა! რომ არა კონსერვატორია – ქართული საოპერო და საკომპოზიტორო სკოლა არ იარსებებდა! რომ არა ქართველი კომპოზიტორები – ქართული ოპერა არ იარსებებდა! და საერთოდ, რომ არა ქართველი მუსიკოსები – დღეს ქართული ოპერა არ იარსებებდა! პარლამენტარები კი იცვლებიან, ხოლო მათი შეცვლით ხელოვნებას არაფერი აკლდება!

მინდა, აგრეთვე, მოვახსენო ბ-ნ კინწურაშვილს, რაკი იგი საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბრძანდება, მას უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა, არამედ უნდა უყვარდეს ქართული მუსიკა და ქართველი მუსიკოსები. ეს ერთი! მეორე – როდესაც ხარ საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა გყოფნიდეს პრინციპულობა და სწორედ თქვენ, დიახ, თქვენ (!) უნდა დაიცვათ ქართველ მუსიკოსთა ინტერესები! ძალიან ხელსაყრელი პოზიციაა – სამინისტრომ და კანცელარიამ მთლიანად წაიღო ბილეთები და ბილეთები აღარაა. და თქვენ რას მიკეთებდით? თქვენ თავი აარიდეთ პრობლემებს, არა? იოლია, მაგრამ გამართლება არა აქვს!
ბ-ნო კინწურაშვილო, მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ ფალიაშვილის მუზეუმისთვის უნდა გადაგედოთ ბილეთები, არამედ ფალიაშვილის შთამომავლებისთვისაც, ეს ისე, სხვათა შორის, სხვა კლასიკოსებზე რომ აღარაფერი ვთქვა.

ახლა გავარკვიოთ, ვინ უნდა დაასწრონ ნანატრი ოპერის თეატრის გახსნას? პარლამენტი მთლიანად! ე.ი. კობახიძე, ბესელია, მეჭიაური და სხვანი. ეტყობა, ბესელია-კობახიძე ეთერის არიით იღვიძებს და იძინებს, მეჭიაურ-ჯაჭვლიანმა კი ზეპირად იციან აბესალომისა და მურმანის პარტიები…

აგრეთვე უნდა იყვნენ, ვინ? – ბიზნესმენები! ისინი, ცხადია, 350 ლარს იოლად გადაიხდიან. და ცხადზე უცხადესია, რომ უნდა იყოს – ბომონდი, ე.წ. „ცნობადი სახეები“, შლეიფიან-დეკოლტირებულ კაბებში (ეს აუცილებელი ყოფილა!). კი ბატონო, ვენაში, პარიზში – გასაგებია, მაგრამ ვენაში მუსიკოსების ანაზღაურებაც იქნებ შეგვახსენოთ, ხომ ბრძანდებით ევროპაში „ნავალი“ კაცი? ჰოდა, გვიპასუხეთ! ბოდიში, მაგრამ ამ გაუბედურებულსა და შეჭირვებულ ქვეყანაში ეს მოთხოვნები, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა.

გარდა ამისა, ეს ყველაფერი საბჭოთა პერიოდს მახსენებს, პირველ ყოვლისა ნომენკლატურის მიწვევა ყველა პრემიერაზე, სავალდებულო რომ იყო. ეს ის ნომენკლატურა იყო, ერთ-ერთი მათგანი „აბესალომ და ეთერის“ ფილმ-ოპერის სცენარს რომ გაეცნო და ფრაზა „ვის უნდა ქალი ეთერი?“ წითელი ფანქრით გადახაზა, კინო-სცენარი ამის გამო „დაიწუნა“. როდესაც გაოგნებულმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ჰკითხა – რას უწუნებთო, აღშფოთებულს და გაწიწმატებულს უპასუხია: – «Подлец этот Абесалом», ცოლზე როგორ თქვა უარიო, საბჭოთა რეალობას და ქართულ ვაჟკაცობას არ შეეფერებაო!

თქვენ რა გგონიათ ამჟამინდელი პარლამენტარების 80%-ზე მეტის ინტელექტუალური შესაძლებლობი უკეთესია?! სამწუხაროდ, ვერა და ვერ მოვიშორეთ ეს საბჭოთა უბედურება! კი, ბატონო, მესმის, რომ საჭიროა ნომენკლატურა, მესმის, რომ დიპლომატიური კორპუსიც და ბიზნესის წარმომადგენლებიც აუცილებელია, თუმცა ვეჭვობ, დიდად მოიხიბლონ ოპერით და დიდად ვეჭვობ გაუძლონ 4 მოქმედებას. არაერთხელ მინახავს კონცერტის დამთავრებამდე დაცლილი საკონცერტო დარბაზები და უბილეთობის გამო გაწბილებული მუსიკოსები. ასე რომ, უკეთესი არც ახლა იქნება, მით უფრო, ამჟამინდელი პარლამენტარების „იბიარდობისა“ და მისთანების მომსწრენი ვართ ყველანი და კარგად ვიცით მათი შესაძლებლობები. სპექტაკლის მსვლელობის დროს მობილურების წკრიალ-ზრიალი რომ გარანტირებულად იქნება, მაგაზე აღარაფერს ვამბობ.

ბ-ნო კინწურაშვილო, ოპერის თეატრში 1000-ზე მეტი ადგილია. ნომენკლატურისთვის მიგერთმიათ 200-300 ბილეთი, მაგრამ სულ მთლიანად? აღ-მაშ-ფო-თე-ბე-ლია! ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ბილეთების ფასი 350 ლარი? აღ-მაშ-ფო-თე-ბე-ლია! რა, საქველმოქმედო ღონისძიებაა? მგონი არა.

ისიც ბრძანეს სამინისტროში, გახსნის დღე (ანუ 30 იანვარი) მოსაწვევებითააო, ძალიან კარგი, მაგრამ, ნუთუ 100 მუსიკოსი მაინც ვერ მოიძებნა, რომელიც მოსაწვევს დაიმსახურებდა? პასუხი თქვენთვის მომინდვია ბატონებო!

P.S. კინაღამ გამოუსწორებელი შეცდომა მომივიდა და დამავიწყდა; დიახ, სამინისტროს გადაუწყვეტია, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელებისათვის თითო-თითო ბილეთი მიეცათ, მაგალითად, ფალიაშვილის მუზეუმს და კომპოზიტორთა კავშირს ერთი ბილეთი, რადგან ამ ორ ორგანიზაციას ერთი ხელმძღვანელი ჰყავს (?!). ალბათ კონსერვატორიის ხელმძღვანელისთვისაც გაიმეტებენ 1-2 ბილეთს. მაინტერესებს, რა დააშავა „რიგითმა“ პროფესურამ, რომლებმაც არაერთი მომღერალი, კონცერტმაისტერი, ორკესტრანტი, გუნდის მომღერალი, ფაქტობრივად, ენთუზიაზმის ხარჯზე აღზარდა? რა დააშავეს „რიგითმა“ მუსიკისმცოდნეებმა, რომლებიც წლების მანძილზე უხელფასოდ წერენ რეცენზიებს საოპერო სპექტაკლებზე? რა დააშავეს „რიგითმა“ შემსრულებლებმა და ა.შ. და ა.შ.

თქვენთვის, და ჩანს, კულტურის სამინისტროს ჩინოვნიკებისთვისაც, ჩვენ ყველანი „რუხი მასა“ ვართ და არ შევდივართ თქვენ წარმოსახულ „ბომონდში“. სამწუხაროა!

რიგითი მუსიკისმცოდნე მზია ჯაფარიძე”