9 იანვარი, 2016

როდის გაიხსნება განახლებული ოპერის თეატრი?

1ganaxlebuli-operaთბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ხანგრძლივი სარემონტო სამუშაოები დასრულდა. თეატრის შენობის რემონტი 2010 წელს დაიწყო და ამ დრომდე გაგრძელდა.

გერმანულ კომპანიაში „გერიეცი“ სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით თეატრის ფარდა დაიბეჭდა, დამზადდა ეკრანები, რეეკრანები და სცენის ჩაცმულობის სხვადასხვა აქსესუარი. „გერიეცმა“ შეიძინა „პანასონიკის“ ფირმის 2 მძლავრი პროექტორი, რომელიც შეამცირებს სპექტაკლების სადადგმო ღირებულებას.

ავსტრიულმა ფირმა „ვაგნერმა“ და სერბეთის „სვეტლიოსტმა“ დაამონტაჟეს თანამედროვე პროჟექტორები განათებისათვის, გერმანულმა ფირმა „ზალცბრენერმა“ თეატრი გახმოვანების უახლესი აპარატურით აღჭურვა.

სარემონტო სამუშაოების შედეგად გამაგრდა საძირკველი, სახურავი ფურცლოვანი სპილენძით გადაიხურა, განახლდა თეატრის ინტერიერის მოხატულობა, სცენის მექანიზმი, თეატრის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, გადიდდა საორკესტრო ორმო, გადაკეთდა ჯანსუღ კახიძის სახელობის სარეპეტიციო დარბაზი, გაკეთდა მცირე სცენა და საორკესტრო ადგილი. გაიწმინდა ნოდარ ერგემლიძის დიზაინით ავსტრიაში დამზადებული 100-ნათურიანი ბროლის ჭაღი, თეატრს დაემატა ღია ვერანდები და საგამოფენო სივრცე. მსახიობებისათვის გაკეთდა ახალი საგრიმიოროები, ანტრაქტების დროს დასასვენებელი დარბაზი, თანამშრომლებისათვის აშენდა სასადილო, შეძენილია ახალი ავეჯი, ტექნიკა, ორკესტრისათვის ახალი ინსტრუმენტები. გადიდდა თეატრის მიმდებარე სკვერი, სადაც დაკრძალული არიან კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი, ქართველი ტენორები ვანო სარაჯიშვილი, ზურაბ ანჯაფარიძე და დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი.

განახლებული ოპერის თეატრი 30 იანვარს სპექტაკლით „აბესალომ და ეთერი“ გაიხსნება. ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია, მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი. დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი. სპექტაკლის ყველა კოსტიუმი „სამოსელი პირველის“ მიერ არის შეკერილი.

სპექტაკლში წამყვან პარტიებს შეასრულებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები ლადო ათანელი და თამარ ივერი, რომლებიც თეატრმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოიწვია. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები თეიმურაზ გუგუშვილი, არმაზ დარაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, ხათუნა ჭოხონელიძე, თეა დემურიშვილი, ირინა ალექსიძე, მარიკა მაჩიტიძე, ნინო ჩაჩუა, კახა თეთვაძე, გოჩა დათუსანი.

თეატრის საბალეტო დასი ოპერის განახლებულ შენობაში პირველ საბალეტო პრემიერას დავით თორაძის „გორდას“ 12 თებერვალს წარმოადგენს. „გორდას“ აღდგენის ინიციატივა საბალეტო დასის ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის, რომელიც ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული ვერსიისა და ლიბრეტოს ავტორია.

დავით თორაძის ბალეტი „გორდა“ ვახტანგ ჭაბუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1949 წელს დადგა. მთავარ როლს ამ ბალეტში ლეგენდარული მოცეკვავე და ქორეოგრაფი თავად ასრულებდა. 1996 წელს „გორდა“ ბალეტმეისტერისა და ქორეოგრაფის ზურაბ კიკალეიშვილის მიერ აღდგა. „გორდა“ თეატრის რეპერტუარში ათეული წლების განმავლობაში იყო წარმოდგენილი.

ამჯერად ბალეტის აღდგენა ნინო ანანიაშვილმა გადაწყვიტა. “გორდას” დადგმაზე საბალეტო დასის მთელმა კოლექტივმა იმუშავა. „გორდას“ დეკორაციები მხატვარ დავით მონავარდისაშვილს ეკუთვნის, კოსტიუმები ანა კალატოზიშვილს, ბალეტის მუსიკალური ხელმძღვანელი კი დირიჟორი რევაზ ტაკიძეა.