31 იანვარი, 2016

ქობულაძის ფარდა კვლავ კრიტიკის საგანი ხდება

1sergo-qobuladzis-fardaსერგო ქობულაძის ფარდა ისევ კრიტიკის საგანი ხდება. ამერიკაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი, რომლის ნამუშევრებიც სოთბის აუქციონზე იყიდება, ფარდის ესკიზის ასლს იწუნებს და აცხადებს, რომ მისი ენერგეტიკა ნულის ტოლია.

ლევან სონღულაშვილი:

“მე ერთადერთი ვარ, რომელსაც ოპერის ამჟამინდელი ფარდა არ მოსწონს? ადგილზე არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიდეოდან რაც ვნახე, განცდა მქონდა, დასკანერებული ნახატის უზარმაზარი პრინტი აიწევა-დაიწევა, თანაც სერგო ქობულაძის ფარდის ესკიზის ასლია და ვიზუალურად რამდენად მიახლოებულიც არ უნდა ყოფილიყო განადგურებულ ორიგინალთან, ეს შედევრის 1%-საც ვერ ასახავს, ენერგეტიკა = 0-ს.

ალბათ მკითხავთ, რა ალტერნატივას გვთავაზობო? ბევრია, ერთ-ერთს გაგიზიარებთ…

ოპერაში პატარა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი გალერეა შეიძლება შექმნილიყო, კუთხე, სადაც მხატვრის თეატრთან შემოქმედებითი ურთიერთობა სრულფასოვნად აისახებოდა, სივრცეში ქართულ-ინგლისურად დაწერილი ტექსტებითა და წარმოდგენილი ვიზუალური მასალით. მანდვე, მუდმივ კოლექციაში დაცული იქნებოდა ქობულაძის ოპერის ფარდის ესკიზის ეს ასლი, როგორც ექსპონატი, სადაც ასევე, ინფორმაციით მდიდარი, მაგრამ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის უწყვეტი ჩვენება იქნებოდა სუბტიტრებით (შესაძლებელი იყო ფილმის რამდენიმე ენაზე თარგმნა უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებიც ყურსასმენებს მოირგებდნენ და პირდაპირ მათ ენაზე გახმოვანებულ ვიდეოს უყურებდნენ), სადაც მოთხრობილი იქნებოდა თბილისის ოპერისა და მასთან ერთად, ფარდის ისტორია, რასაც ქართველ საზოგადოებას და ტურისტებს უკეთ გავაცნობდით…

იდეებს რა დალევს და საუკეთესოზე შეჯერება შეიძლებოდა, მაგრამ ასლის სუროგატის გარეშე.

P.S. მახსოვს, ჩემი ახლო გერმანელი მეგობარი, რომელიც მიუნჰენში ცხოვრობს, მაგრამ ნიურნბერგს ხშირად სტუმრობდა, ვკითხე, იმდენად ხშირად გიწევს ნიურნბერგი სიარული საცხოვრებელს რატომ არ იცვლი-მეთქი და მიპასუხა, მიუნჰენში ოპერაა, რომლის გარეშეც ერთი კვირაც ვერ გავძლებ, ნიურნბერგს კი ამის მოცემა არ შეუძლია, თორემ დღესვე გადავიდოდიო.

გილოცავთ ოპერის გახსნას!”