18 იანვარი, 2016

პასუხი მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით

1kinwuraბოლო პერიოდში ქართული სახელოვნებო საზოგადოება კატეგორიულად მოითხოვს 88 წლის ქართველი საოპერო მომღერლის მედეა ამირანაშვილისთვის ოპერის თეატრის წინ ვარსკვლავის გახსნას.

მომღერლის შვილმა მარინა ფარულავამ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილამდე მივიდეს, რადგან მისი თქმით, ოპერისა და ბალეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრამ შედეგი არ გამოიღო.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი მედეა ამირანაშვილისთვის ვარსკვლავის გახსნას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა:

“პასუხი – მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით

მინდა გამოვეხმაურო ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მორიგ „თავდასხმას“, იმის შესახებ, რომ თითქოს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით კინწურაშვილი ქართული საოპერო ხელოვნების ნამდვილი ვარსკვლავის, გამოჩენილი ქართველი პრიმადონას, მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავის გახსნის წინააღმდეგია.

წარმოუდგენლად უმსგავსი ცილისწამებაა. როგორ შეიძლება ამ არაჩვეულებრივი მოვლენის დადგომის წინააღმდეგი ვიყო.

ბუნებრივია, მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში უნდა გაიხსნას. ისიც ბუნებრივი გახლავთ, რომ იქამდე, ვიდრე თავად თეატრი არ გაიხსნებოდა, ქალბატონ მედეას ვარსკვლავის გახსნა ფაქტობრივად და ობიექტურად შეუძლებელი იყო.
რაც შეეხება ორი მოვლენის – თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავის გახსნის დამთხვევას, ვფიქრობ, თეატრის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ეფექტი უთუოდ დაჩრდილავს ამ გენიალური ადამიანის ვარსკვლავის გახსნის იდეას და მის მნიშვნელობას ქართული და არა მხოლოდ ქართული საზოგადოების ცნობიერებასა და კულტურულ ცხოვრებაში.

ჩემი აზრით, ქალბატონი მედეა ამირანაშვილი იმსახურებს იმას, რომ მისი ვარსკვლავის გახსნა აღინიშნოს დამოუკიდებლად, საგანგებო ღონისძიების მოწყობის გზით, რომელიც მხოლოდ მისთვის იქნება განკუთვნილი.”