Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინო ანანიაშვილი მსოფლიოს საუკეთესო ბალერინაა

5 იანვარი, 2016

1nino-ananniashvili-telegrafshiქართველი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი მსოფლიოს საუკეთესო ბალერინაა. ბრიტანულმა გამოცემამ ”The Telegraph” მსოფლიოს იმ საუკეთესო ბალერინათა სია გამოაქვეყნა, რომლებმაც თავისი ცეკვით სამუდამოდ დაამახსოვრეს თავი საბალეტო ხელოვნების მოყვარულებს. ყველა დროის 12 საუკეთესო ბალერინას შორის ქართველი ბალერინა ნინო ანანიაშვილი მეექვსე ადგილზეა.

ბრიტანული გამოცემის აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ბალერინების ჩამონათვალი ასეთია:

1. ანა პავლოვა – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბალერინა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა საბალეტო ხელოვნებაში. ის იყო პირველი, რომელმაც მთელი მსოფლიო შემოიარა. თავისი განუმეორებელი შარმით მან იცეკვა პარტიები, რომლებზეც დღესაც გაუთავებლად საუბრობენ, თუმცა ანა პავლოვას მიერ შესრულებული მომაკვდავი გედის პარტია მიხეილ ფოკინის ქორეოგრაფიით მის შემოქმედებაში გამორჩეულია.

2. გალინა ულანოვა – XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი საბალეტო ხელოვნებაში. მისი სცენაზე გამოსვლა მაყურებლისთვის ნამდვილი დღესასწაული იყო. შესრულებული პარტიებიდან კი გამორჩეულია ჯულიეტას პარტია ბალეტში “რომეო და ჯულიეტა”. სწორედ გალინა ულანოვა იყო პირველი მოცეკვავე, ვინც ჯულიეტას პარტია შეასრულა.

3. ალისია მარკოვა – მისი ჟიზელი ყველაზე გამორჩეულია მსოფლიო საბალეტო ისტორიაში. მიჩნეულია, რომ მარკოვამ ორგანულად შეაზავა ბრიტანული და ამერიკული ცეკვის მოდერნი. მან თავისი კარიერა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ბრიტანული ბალეტი არ არსებობდა და დიდი როლი ითამაშა მის შემდგომ ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

4. მარგო ფონტეინი – ბალერინა მუსიკალურობის უსაზღვრო შეგრძნებით და ულამაზესი საცეკვაო მანერით. მისმა თანამშრომლობამ რუდოლფ ნურიევთან, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახატა მარგოს გამორჩეული ნიჭი. როდესაც მათ ჟიზელში ერთად პირველად იცეკვეს, მაყურებელმა ისინი ბისზე 23-ჯერ მიიწვია. თუმცა მარგო ნურიევთან ცეკვამდეც ვარსკვლავი იყო, ის გედების ტბაში წამყვან პარტიას ცეკვავდა.

5. ნადია ნერინა – ეს ბალერინა ცნობილია, როგორც საუკეთესო მოცეკვავე კოვენტგარდენში გასული საუკუნის 50-60-იან წლებში. მან აღტაცებაში მოიყვანა რუდოლფ ნურიევი, როდესაც ჟიზელში შთამბეჭდავად იცეკვა.

6. ნინო ანანიაშვილი – მისტიკა, მაგია, საოცარი ოსტატობა, მაღალი პროფესიონალიზმი, ყველა ეს თვისება ამ ბალერინაშია გაერთიანებული. ამჟამად თბილისის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი სცენაზე გამოსვლისას, კვლავაც აღაფრთოვანებს მაყურებელს და ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს.

7. სილვი გილემი – თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბალერინა, რომლის ტექნიკაც და დრამატულობაც არავის ტოვებს გულგრილს. ის თანამედროვე მოცეკვავეებისგან იმითაც განსხვავდება, რომ ძალიან საინტერესო და პერსპექტიულ საქმიანობას ეწევა.

8. დარსი ბუსელი – ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბალერინა, რომლის არტისტიზმი, გლამურულობა, მუსიკალურობა და შარმი დაუვიწყარია. მისი სცენაზე გამოჩენა მაყურებლისთვის ყოველთვის დღესასწაულია, რადგან თავისი პროფესიონალიზმით ის ახერხებს დაამუნჯოს და დაატყვევოს სპექტაკლზე მისული საზოგადოება.

9. ულიანა ლოპატკინა – დღეისათვის რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პროფესიონალი ბალერინა, რომელიც ნაციონალურ ლეგენდად არის აღიარებული. მისი პარტიები გამოირჩევა არტისტიზმით, თითოეული ილეთის სუპერპროფესიონალური მიდგომით და საოცარი ჰაეროვნებით.

10. თამარა როხო – ის ამჟამად ინგლისის ნაციონალური ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელია, თუმცა მისი ცეკვის დავიწყება შეუძლებელია. ის ათეულობით წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი წამყვანი მოცეკვავე და თავისი ტექნიკით, სილამაზით, ტალანტითა და ბრწყინვალებით მონუსხულს ტოვებდა მაყურებელს.

11. ალინა კოჟოკარუ – რუმინელი ბალერინა, რომელიც თანამედროვეობის ყველაზე გლამურულ და პროფესიონალ მოცეკვავედ არის მიჩნეული. ტრავმების მიუხედავად, მას არასდროს უთქვამს უარი საყვარელ საქმეზე და მთელი ემოციებით ეფლობოდა საქმეში. მის შემოქმედებაში გამორჩეულია ბალეტი ზიჟელი, სადაც ალინას ვირტუოზულობა კიედვ უფრო თვალნათელია.

12. ნატალია ოსიპოვა – ახალგაზრდა ბალერინა, რომლის ცეკვა დონ კიხოტში და ჟიზელში დაუვიწყარია. კოვენტ გარდენის საბალეტო დასთან ერთად შესრულებული ჟიზელი ნატალიას შემოქმედების სავიზიტო ბარათია.