20 იანვარი, 2016

ნიკუშა შენგელაია: ,,ეს არის დანაშაული!’’

1nikusha-shengelaiaმხატვარი ნიკუშა შენგელაია იმ დანაშაულებებზე საუბრობს, რომელიც მის თვალწინ განვითარდა. როგორც ხელოვანს, ძალიან აღელვებს დედაქალაქთან და მის კულტურულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ამიტომაც, ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მისთვის დანაშაულის ტოლფასია, ხმამაღლა საუბრობს და არც პროტესტს ერიდება.

“ის თემები, რაც ქალაქს შეეხება, ყველა თბილისელის გულის ტკივილია, რადგან ჩვენ აქ ვცხოვრობთ და აქ ცხოვრებას ვაპირებთ.

თუ არ გავაანალიზებთ რამ მოიტანა ეს პრობლემები, მომავალში ამის გადაწყვეტა ძალიან გაგვიჭირდება. თბილისის სატრანსპორტო განვითარების სქემა ძალიან რთული პრობლემაა. ლანდშაფტურად თბილისი არის მტკვრის ხეობაში განთავსებული, რკალურად თბილისი ვერ ვითარდება, როგორც ევროპული ქალაქები. ეს ქალაქის ნებისმიერი მთავრობისთვის სერიოზული პრობლემაა.

კითხვაზე, მომწონს თუ არ მომწონს წინა ხელისუფლების მიერ აშენებული ძეგლები, ველოსიპედის ძეგლი, შუშის ხიდი და ა.შ. გეტყვით, რომ საშინელებაა. „იმელის” შენობის უკან აშენებული მაღალსართულიანი შენობა აბსოლუტურად უკარგავს ყველანაირ მასშტაბს ქალაქს. ეს არის დანაშაული ქალაქის მიმართ, რომელიც წინა პრეზიდენტის პირობებში დაიგეგმა და როგორც ვიცი, არაბ ჯგუფს მიყიდეს ეს ადგილი. „იმელის” უკან ამისთვის დაანგრიეს სახლი, რომ მრავალსართულიანი შენობა აეგოთ. ეს არის ჩვენი დანაშაული, იმიტომ, რომ ჩვენს ვუშვებთ ამას.

იგივე შემიძლია ვთქვა რიყეზე შუშის თეატრზე, რომელმაც აბსოლუტურად დაარღვია ძველი თბილისის ყველანაირი ხედი. ასეთი არქიტექტურა, რომელიც აეროპორტების ან ბაზრის შესასვლელს წააგავს, სასურველია მინდორში აშენდეს. როგორ შეიძლება ბარათაშვილის აღმართის გაფუჭება? ეს არის უკულტურობა ელემენტარული, მაგრამ მაშინ ვიცოდით, რომ ეს იყო ზოგ-ზოგიერთების აკვიატება, რომელსაც სურდა რომ თავის სასახლიდან ენახა თავისი ვითომ წარჩინებული გზა.

იუსტიციის სახლისთვის სხვა ადგილი უნდა შერჩეულიყო. ჩვენ სულ ვლაპარკობთ ეკოლოგიაზე ხომ? იქ უზარმაზარი რეკრეაციულ ზონა გაანადგურეს. გაანადგურეს “ტენისის” კორტები, ხომ უნდა იფიქრო სად აკეთებ? თავის დროზე გამოვდიოდი ამის წინააღმდეგ, მაგრამ ხელისუფლება მაშინ ხალხს არ უსმენდა,” – განაცხადა მხატვარმა “პრიორიტეტში” საუბრისას.