12 იანვარი, 2016

ნიაზ დიასამიძის პროტესტი

1niazaმომღერალი ნიაზ დიასამიძე საჯაროდ გამოხატავს თავის მოსაზრებებს და ამის გამო ხშირად საზოგადოების კრიტიკასაც იმსახურებს, თუმცა ხელოვანს ეს ნაკლებად აღელვებს. მისთვის მთავარია საკუთარ თავთან იყოს მართალი და თქვას ის, რასაც ფიქრობს.

მომღერალი არც ახლა აპირებს გაჩუმებას და თავის პროტესტს აქცია-კონცერტში კოლეგებთან ერთად მონაწილეობით გამოხატავს.

16 იანვარს კანცელარიასთან გაიმართება აქცია-კონცერტი ნიაზ დიასამიძის, ეკო დეისაძის, ქეთათოს, გამოუვალი მდგომარეობის და სხვა ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით.

“მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი მზად არის ნებისმიერი რაოდენობის ბუნებრივი აირი მოგვაწოდოს, ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებებს ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და დღემდე აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ.

გაზპრომთან მოლაპარაკებები და რუსული გაზის საქართველოში შესაძლო იმპორტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენს ევროატლანტიკურ კურსს და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას.

ჩვენ, მუსიკოსები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ვატარებთ გამაფრთხილებელ აქცია-კონცერტს და იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეწყვეტს ოკუპანტთან მავნებლურ მოლაპარაკებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პროტესტი უფრო მტკიცე და მკაცრი გახდება.

დროა დავანახოთ ჩვენი ქვეყნის მმართველებს, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენი ნებართვის გარეშე ისინი ვერ მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას, ჩვენგან კი მათ ეს ნებართვა არ ექნებათ! ვფიქრობთ, რომ არ გვაქვს პასიურობის უფლება, შემოგვიერთდით, დაიცავით თავისუფლება!” – აცხადებენ აქცია-კონცერტის ორგანიზატორები და მასში მონაწილე მუსიკოს-შემსრულებლები.