17 იანვარი, 2016

კუმურდოს ტაძარი უმძიმეს მდგომარეობაშია

1kumurdoსამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარე X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული საკათედრო კუმურდოს ტაძარი უმძიმეს მდგომარეობაშია. მისი ნანგრევები სოფელ კუმურდოშია შემორჩენილი.

ტაძრის კედლების წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონ III-ს დროს, იოანე ეპისკოპოსის კუმურდოელის თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობა. კუმურდოში მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავი არიან იოანე კუმურდოელი, რომელიც შემდეგ სინის მთაზე მოღვაწეობდა და ზოსიმე.

კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძარი იმ იშვიათ ქართულ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც მრავალი წარწერა ამშვენებს, მათ შორის სამშენებლოც, რომელშიც მოხსენიებულია ქტიტორი, ხუროთმოძღვარი და მითითებულია აგების თარიღი, 964 წელი.

ტაძარი მნიშვნელოვანია, როგორც მხატვრული, ისე ევოლუციური თვალსაზრისით. XI საუკუნეში, ბაგრატ IV-ის დროს ტაძარს სტოა მიაშენეს, რომელიც შესაძლებელია თავდაპირველად სამივე მხრიდან უვლიდა გარსს დასავლეთ მკლავს. ახლა მისი მხოლოდ სამხრეთი ნაწილია გადარჩენილი; აღარ არსებობს გუმბათი, ძლიერ არის დაზიანებული დასავლეთის მკლავი. ამჟამად კუმურდოს ტაძრის გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი ჩამოქცეულია, დანგრეულია და შემდეგ დამახინჯებულად არის აღდგენილი მთელი დასავლეთი მხარე.

კუმურდოს ტაძარზე გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები 1975 წელს დაიწყო და ინტერვალებით 80-იანი წლების ბოლომდე მიმდინარეობდა. გასულ წელს მომზადდა პროექტი, რომელიც კუმურდოს ტაძრის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.