Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ირაკლი კაკაბაძის უარი პრემია ,,საბას”

7 იანვარი, 2016

1irakli-kakabadzeლიტერატურული პრემია “საბა” დღეს ქართულ სამწერლობო ხელოვნებაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პრემიად არის მიჩნეული. მწერალი ირაკლი კაკაბაძე პრემიას ბოიკოტს უცხადებს და უარს ამბობს მის მიღებაზე და ამ საკითხზე განმარტებასაც აკეთებს.

ირაკლი კაკაბაძე:

“დღეს, ქრისტესშობის დღეს – მე მინდა ვთქვა რომ უარს ვაცხადებ “საბას” ორგანიზაციასთან თანამშრომლობაზე. ეს ჩემთვის არ არის სასიამოვნო გადაწყვეტილება, რადგან ბევრ ამ პრემიის თანამშრომელს კარგად ვიცნობ, მაგრამ მე, როგორც მწერალს, არ შემიძლია ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში ვიცხოვრო და ვითანამშრომლო ასეთ ორგანიზაციასთან, რომელიც საბჭოთა მწერალთა კავშირისგან ცოტათი თუ განსხვავდება და ეს ცოტა შეიძლება სულაც უარესი იყოს. ამაში მე არც ერთ ადამიანს არ ვადანაშაულებ – აქვე მინდა ვთქვა.

მე ვთვლი რომ ჩვენში გაბატონებული საშინელი ადამიანების ჩაგვრის სისტემა – ნეოლიბერალური კაპიტალიზმი არის ამის მთავარი დამნაშავე. მან აქცია ნიჭიერი მწერლები და პოეტები ბანკირების და მძარცველების პროსტიტუტებად. ამ სისტემამ გააკეთა ის, რომ 300 ათასი საქართველოს მოქალაქე უსახლკაროდ დატოვა და ეს ახლა უკვე უტყუარი ფაქტია და კიდევ ერთ მაგდენს გამოსახლება ელოდება უახლოეს ხანებში. ამ უბედურებისგან ხეირობენ კერძო იპოთეკარები, და კერძო ბანკები. კერძოდ, ორი ბანკი მოიხსენიება ამ სქემებში, როდესაც ადამიანების უსახლკაროდ დატოვების საქმეებზე ვსაუბრობთ: “საქართველოს ბანკი” და “თიბისი ბანკი”.

ხშირ შემთხვევაში გამოსახლებულები პოლიციური ძალადობის მსხვერპლები არიან. ისინი თავის დროზე დაიჭირეს, მერე კი საპროცესო გაიგების სანაცვლოდ საკუთარი ბინები ჩაადებინეს იპოთეკაში. რაღა თქმა უნდა, განთავისუფლების შემდეგ მათ ეს თანხები ვეღარ გადაიხადეს. დღეს, ეს გამოსახლების პროცესები ისევ გრძელდება. მართალია პარლამენტმა და პრეზიდენტმა კარგი კანონი მიიღეს სასამართლოს გარეშე ადამიანების გამოსახლების აკრძალვის შესახებ – პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ თუ ადამიანების გამოსახლება არ აიკრძალა საერთოდ – მაშინ საქართველოს მოსახლეობისგან ცოტა ხანში არაფერი დარჩება. ახლა უკვე ეს გამოსახლებული მოქალაქეები ქუჩებში იყინებიან და მიუაფარნი კვდებიან. ჩვენ ერთი მოხუცი შევამჩნიეთ – მაგრამ მათი რიცხვი გაცილებით დიდია. დღეს უამრავი ადამიანი იყინება სახლ-კარის გარეშე – და ჩვენ, როგორც საზოგადოებას არ შეგვიძლია ამის გულგრილად ატანა.

მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს “თიბისი” ბანკის მმართველებთან, მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან, პირადად მათ არაფერს ვერჩი, პირადად ჩემთვის მათ ცუდი არაფერი გაუკეთებიათ. აგრეთვე პრემია “საბას” და გამომცემლობა “საბას” მესვეურებიც ჩემი მეგობრები არიან – იგივე რატი ამაღლობელი და ბასა ჯანიკაშვილი და ბევრი სხვაც. რამოდენიმე წლის წინ სწორედ რატი ამაღლობელის ინიციატივით მათ ჩემი წიგნი ელექტრონულად გამოსცეს, რისთვისაც გულწრფელი მადლობა მინდა ვუთხრა მათ.

ძალიან მიხარია, რომ ჩემი ელექტრო წიგნის გაყიდვიდან მე ჯერ კაპიკი არ ამიღია – თუ რამე მეკუთვნის, ვთხოვ გამომცემლობას რომ იმ ღატაკ გამოსახლებულ ადამიანებს მოახმაროს, რომლებსაც საბანკო სისტემა ყოველ დღე სახლ-კარის გარეშე ტოვებს. მე ვწყვეტ ჩემს ყველანაირ ურთიერთობას ‘საბასთან’ რადგან ძალიან ახლოს დავინახე ძალადობით ნაშოვნი ფული და ვფიქრობ ყველა შეგნებული მწერლის და პოეტის ვალია არ ითანამშრომლოს ასეთ სისტემასთან.

დიახ, ეს დღეს ძალიან საშიშია – საბანკო სისტემა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელს მსოფლიოს მართავს. ფინანსისტები მთელს ქვეყნებს ყიდიან, ისინი იწყებენ და ამთავრებენ ომებს – ჯეი პი მორგანების, სიტიკორპების, ჩეიზ მანჰეტენების, სქოშა ბენკების და მათი კოლეგების მსოფლიოს ყველა წერტილში ეშინიათ. დღეს გაცილებით ადვილია დაუპირისპირდე რომის პაპს, ან თუნდაც ვლადიმირ პუტინს, ვიდრე ნამდვილად დაუპირისპირდე დღევანდელი მსოფლიოს ბატონ-პატრონებს – კომერციულ საბანკო სისტემას – იმ სისტემას, რომელიც ხელოვნურად ქმნის უკმარისობას, ხელოვნურად ტოვებს ადამიანებს უსახლკაროდ, ხელოვნურად შიმშილით კლავს მათ – რადგან “მშიერი მონა უკეთ ამუშავოს”. დიახ, ეს უაღრესად მაკიაველური სისტემა ცდილობს დღეს დაიპყროს საქართველო. დიახ, იმ მიუსაფარი მოხუცის გარდაცვალებაში პირველ რიგში სწორედ ეს საბანკო სისტემაა.

მე აღარანაირად არ ვიქნები საკუთარ სინდისთან მართალი, რომ “საბას” ორგანიზაციასთან, რომელიც ბანკირების ფულით იმართება, რაიმე საქმიანი ურთიერთობა დავიტოვო მანამ, სანამ საქართველოში კომერციული ფინანსების სისტემა ერთ ადამიანს მაინც გამოსახლებს და უსახლკაროდ დატოვებს. დიახ, ადამიანის უფლება რომ ჰქონდეს სახლ-კარი მისი ფუნდამენტური უფლებაა და არც ერთ ბანკს არ აქვს უფლება ადამიანი პირუტყვობისთვის გაწიროს.

დიახ, ბევრი გამოსახლებული ან პოლიციური რეჟიმის მსხვერპლია ანაც წინა მთავრობის დროს არსებული აგრეთვე საშინელი სამედიცინო სისტემის, სადაც ოპერაციის სანაცვლოდ ადამიანებს ბინის ჩადებას სთავაზობდნენ. მე ვწყვეტ ურთიერთობას “საბას” მევახშეების პრემიასთან და კატეგორიულად უარს ვაცხადებ ამ ტიპის ბანკირებთან თანამშრომლობაზე მანამ, სანამ: არ აიკრძალება ადამიანების საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან გასახლება და არ დაიწყება სახელმწიფოში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა.

“გლახის ნაამბობის” ავტორის ქვეყანაში – მე არ შემიძლია გულგრილად ვუყურო ამდენი ადამიანის უბედურებას – და მე თვითონ ბანკირების დახმარებით გაყიდული წიგნების ფულზე ვიცხოვრო. ეს არ იქნება პატიოსანი.

მე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს – ქართველ მწერლებს, პოეტებს და ჟურნალისტებს, რომ აგრეთვე გამოუცხადონ ბოიკოტი “საბას” მანამ, სანამ ადამიანების გამოსახლება ერთხელ და სამუდამოდ არ შეწყდება და უკვე გამოსახლებულებს სახლებს არ დაუბრუნებენ.

კონსტრუქციულად ვთავაზობ ჩემს ძველ მეგობრებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს რომ მონაწილეობა მიიღონ ამაში. მე მახსოვს რომ მათ თავის დროზე ახალგაზრდა კომუნისტურ კავშირთანაც ჰქონდათ საქმე. კომუნისტები კი სასტიკად უარყოფდნენ ადამიანების უსახლკაროდ დატოვებას. დავიწყოთ ერთად ადამიანებისთვის სოციალური საცხოვრისის მშენებლობა – დავდოთ ფული ამაში – და ამავე დროს შევაჩეროთ კანინი გამოსახლებების და მევახშეობის შესახებ. ნუ დავტოვებთ ქვეყანას სახლ-კარის გარეშე. და ეს თუ შესრულდება – მერე გინდ “საბა” ყოფილა პრემიის სახელი და გინდ “აკაკი”.

სანამ ეს პირობები შესრულდება, მანამ მე ვფიქრობ, უპრიანი იქნება, რომ პროგრესულმა მწერლებმა და იმ ადამიანებმა, ვისაც გააჩნია სოლიდარობის გრძნობა, დავაარსოთ ალტერნატიული პრემია მწერლობაში, რომელსაც “არსენა მარაბდელის” ავტორის, მიხეილ ჯავახიშვილის პრემია ერქმევა და მას მიიღებენ ის თავისუფალი მოაზროვნეები, რომლებიც არა მარტო სოციალური დოგმებისგან, არამედ ბანკის მონობისგანაც თავისუფალნი იქნებიან.”