19 იანვარი, 2016

დავით კინწურაშვილი ბრალდებებს პასუხობს

kintsura5თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს. საკითხი ეხება 30 იანვარს განახლებული თეატრის გახსნაზე მიწვეულ სტუმრებს.

დავით კინწურაშვილი:

“საზოგადოების მაღალი ინტერესებისა და განსაკუთრებული ვნებათაღელვის, ასევე იმის გამო, რომ ხშირად არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რამაც შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილის გულისტკივილი გამოიწვიოს, გადავწყვიტე, მცირე კომენტარი გავაკეთო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით:

პირველ რიგში, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ თეატრის საზეიმო გახსნის ღონისძიება გაგრძელდება არა ერთ ან ორ დღეს, არამედ ორ კვირაზე მეტხანს, მიმდინარე წლის 15 თებერვლამდე.

მოგეხსენებათ, ეს მოვლენა უაღრესად მნიშვნელოვანია, საზოგადოების მოლოდინი არის გრანდიოზული, ვინაიდან თეატრი იხსნება ექვსწლიანი პაუზის შემდეგ. გახსნის პირველ დღეს, 30 იანვარს მოწვეულნი არიან ჩვენი თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრები და საქართველოს მუსიკალური და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები – ღვაწლმოსილი მუსიკოსები და მსახიობები.

მოწვეულნი არიან ასევე უცხოელი სტუმრები, რომლებთანაც თეატრს საქმიანი კონტაქტები აქვს, ასევე მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებსაც ყველაზე დიდი ღვაწლი მიუძღვნით ჩვენი თეატრის რეკონსტრუქცია-განახლებაში და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე დასწრებას ფართო აუდიტორიას ჩვენ ვთავაზობთ 31 იანვარს და მომდევნო დღეებში. ყოველი დღე იქნება არანაკლებ ბრწყინვალე და შემოქმედებითი თვალსაზრისით არანაკლებ აქტიური, ვიდრე წინადღე და დაგვირგვინდება არაჩვეულებრივი საბალეტო წარმოდგენით “გორდა” 12, 13 და 14 თებერვალს.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი მოუთმენლად გელით.”