4 იანვარი, 2016

ამბავი, რომელიც დაგაფიქრებთ

1goga-chanadiriფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ბევრი საინტერესო ისტორიის მომსწრეა. ის ამ ამბებს ხშირად უზიარებს თავის მეგობრებს.

“არტინფო” გთავაზობთ ფოტოხელოვანის მიერ მოყოლილ ერთ-ერთ ისტორიას, რომელიც ცხოვრების მთავარ ღირებულებებზე დაგაფიქრებთ.

გოგა ჩანადირი:

“ყინავდა. ყინავდა ისე, რომ ქურთუკს ვეკრობოდი. მზის წვერები ჭადრის კენწეროებსღა სწვდებოდა. თავისუფლების მოედანზე ვიყავი. გეზი სოლოლაკისკენ მქონდა. მეტროსთან ბავშვიანი ქალი შევნიშნე. როცა ჩემი თვალები მისას წააწყდა, გაბედა და ფული მთხოვა. სუფთად, მაგრამ შეუხამებლად ეცვა. თითქოს, მის უპოვარობაში დავეჭვდი კიდეც და სწრაფად შევათვალიერე.

– გთხოვთ, დამეხმაროთ, – სევდაშეპარვით მთხოვა ქალბატონმა.

– რომ არ უჭირდეს, ამ ყინვაში ფულს ხომ არ ითხოვდა-მეთქი, – გავიფიქრე და დახმარება გადავწყვიტე. ჯიბე მოვიჩხრიკე. ხურდა რომ არ შემრჩა, საფულე გავხსენი და ხუთლარიანი ამოვიღე. გავუწოდე თუ არა, უკან დაიხია, ეგ ბევრია, 1 ლარიც საკმარისიაო.

ცოტა გამიკვირდა, მაგრამ ფული ხელახლა შევთავაზე. ისევ უკან დაიხია. მე კი ძალაუნებურად მისკენ მივიწიე.

– ქალბატონო, თუ შეიძლება, გამომართვით. თქვენ რამდენიც გჭირდებათ, იმდენი აიღეთ და დანარჩენით ბავშვს უყიდეთ რამე, – ვუთხარი მე.

ქალმა ბავშვი მარცხნიდან მარჯვნივ გადაიყვანა, თეძოზე მიიკრა, ჯიბიდან ხურდები ამოიღო და მითხრა:

– 1 ლარს ავიღებ, აქედან კი 4 ლარი მიითვალეთ.

– რას ბრძანებთ, მთლიანად გაძლევთ, – ვუთხარი მე.

– მე კი მიჭირს, მაგრამ სახე არ დამიკარგავს. თითო-თითო ლარს სხვებიც მომცემენ. ამიტომ, წადით და დანარჩენი სხვა გაჭირვებულს მიეცით. დახმარება სხვებსაც სჭირდებათ, – მომიგო მან და 4 ლარი უკან დამიბრუნა.”