16 იანვარი, 2016

ქართული ფილმები საფრანგეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე

1tornike-bziava-safrangetis-kinofestivalzeქართული ფილმები საფრანგეთის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობენ. ფესტივალის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, სელექციის შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფილმებს შორის კონკურსისთვის 2 ქართული ფილმი შეირჩა.

კლერმონ ფერანის კინოფესტივალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წამყვანი ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 100 000 მაყურებელი ესწრება. წელს ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ნაჩვენები იქნება გიორგი თოდრიას “დაკარგული სოფელი” და თორნიკე ბზიავას “მექელეხე”.

გიორგი თორდიას “დაკარგული სოფელი” შუა ხნის ცოლ-ქმრის ცხოვრებას ასახავს მიტოვებულ სოფელში, სადაც ერთ დღესაც დაცარიელებულ სახლებში შუქი ჩნდება, რაც ცოლ-ქმრის ცხოვრებას ცვლის. თითოეული მათგანი ამ მოვლენაზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს. ფილმმა უკვე მოასწრო მთავარი პრიზების მოპოვება ესპანეთის და ათენის კინოფესტივალებზე.

თორნიკე ბზიავას “მექელეხე” ღარიბი, ხანშიშესული მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც “ქელეხების” შესახებ გაზეთების საშუალებით იგებს, რათა დაესწროს მათ. თუმცა, ამ ერთი შეხედვით სევდიან მდგომარეობას თავისი გასართობი და კომიკური შედეგებიც აქვს. თორნიკე ბზიავას ფილმი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად აღიარეს და ჯილდო “პრომეთე” გადასცეს.

თორნიკე ბზიავა კლერმონ ფერანის კინოფესტივალის ორგანიზატორებისთვის კარგად არის ცნობილი. ქართველმა რეჟისორმა ფესტივალში 2010 წელსაც მიიღო მონაწილეობა ფილმით “აპრილის სუსხი”, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს ეძღვნება და სპეციალური პრიზითაც დაჯილდოვდა.

წელს კლერმონ ფერანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი საფრანგეთში 5-13 თებერვალს გაიმართება.