21 იანვარი, 2016

ქართველი ბარიტონი ტირანას ოპერის თეატრში მიიწვიეს

1gocha-abuladze-rigoletoshiახალგაზრდა ქართველი ბარიტონი გოჩა აბულაძე ტირანას ოპერის თეატრში მიიწვიეს. საოპერო მომღერალს დიდი ხნის ოცნება აუხდა და წამყვან პარტიას იმღერებს ერთ-ერთ საყვარელ ოპერაში.

ტირანას ოპერის თეატრში გოჩა აბულაძე ჯუზეპე ვერდის “რიგოლეტოში” წარსდგება მსმენელის წინაშე და ამ ოპერაში მისი დებიუტიც შედგება.

“ყოველთვის ვოცნებობდი ამ როლზე და ვარ უბედნიერესი, რომ ასე მალე მომეცა შესაძლებლობა სიმღერისა”, – ამბობს მომღერალი.

“არტინფო” გოჩა აბულაძეს დაუკავშირდა:

“ტირანას ოპერის თეატრში პირველად ერთი წლის წინ ვიმღერე ლეონკავალოს “ჯამბაზებში” ტონიოს პარტია, სადაც დიდი მომღერალი ინვა მულა მიწევდა პარტნიორობას! “რიგოლეტოზე” კი რამოდენიმე კვირის წინ დამიკავშირდნენ და მთხოვეს ძალიან მემღერა. რადგანაც დრო მქონდა და ჩემი ოცნების როლი იყო, მიუხედავად მცირე დროისა, მაინც დავთანხმდი.

ამჟამადაც უცხოელებით დაკომპლექტებული შემადგენლობაა, ყველანი პერსპექტიული და წარმატებული მომღერლები არიან. დირიჟორი არის მანუელ ბუსტო – მაურიციო ბენინის ასისტენტი, ახალგაზრდა ესპანელი მაესტრო, რომელსაც ასევე დებიუტი აქვს და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ჩემთვის კი საოცრება ის არის, რომ ამ ასაკში ვერასოდეს წარმომედგინა, თუ ამ ოცნებას ავიხდენდი.”