17 იანვარი, 2016

მუსიკის დაუჯერებელი ეფექტები

1musikis-daujerebeli-efeqtebiდაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ მუსიკას ადამიანზე ჯადოსნური ზემოქმედება აქვს.
ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში მკურნალები ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ მუსიკას არნახული ეფექტის მოხდენა შეუძლია ავადმყოფის გამოჯანმრთელებაზე.

საუკუნეების განმავლობაში ამ მოსაზრების დასამტკიცებლად და განსამტკიცებლად სხვადასხვა კვლევები და ექსპერიმენტები ტარდებოდა.

სამედიცინო სფეროს განვითარებასთან ერთად ექპერიმენტებიც დაიხვეწა და მათში მონაწილეობის სურვილიც სულ უფრო ბევრმა ადამიანმა გამოთქვა.

“არტინფო” გთავაზობთ რამდენიმე კვლევისა და ექსპერიმენტის შედეგს და ფაქტებს, რომლებიც მისი უდიდებულესობა მუსიკის სიძლიერეში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ.

 

ფაქტი პირველი: წნევა და მოცარტი

ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ექიმები მუსიკას მოდუნებისთვის, ხასიათის გაუმჯობესებისთვის, ტკივილის დაამებისა და ხარისხიანი ძილისთვის იყენებდნენ.

XXI საუკუნეში მეცნიერები სულ უფრო საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებენ სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებისთვის მუსიკალური თერაპიით. მათმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ კარდიოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის დღეში 30 წუთი მუსიკის მოსმენა ბევრად დადებით შედეგს იძლევა გამოჯანმრთელების პროცესში, ვიდრე სიჩუმეში მყოფი პაციენტების შემთხვევაში. გულის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის ყველაზე სასარგებლო კლასიკური მუსიკაა.

ექსპერიმენტი ჩატარდა მაღალწნევიანი ადამიანებისთვისაც. მათ სხვადასხვა მუსიკის ფონზე სისტემატურად უსინჯავდნენ წნევას და აღმოჩნდა, რომ მოცარტის ნაწარმოებებმა მათი არტერიული წნევა ყველაზე კარგად დაარეგულირა.

კვლევებმა ცხადყო, რომ სხვადასხვა მუსიკა ადამიანის წნევაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. QUEEN-ის მუსიკა წნევას მაღლა წევს, ტექნოს, როკს და ჰევი მეტალს კი არითმიის პროვიცირება შეუძლია.

მედიკოსებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო ემატება ასაკი ადამიანს, მით უფრო მშვიდი მუსიკის მოსმენის სურვილი უჩნდება და ეს მისი პულსის “ბრალია” – ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის გულისცემის სიხშირე კლებულობს.

 

ფაქტი მეორე: ტვინი და საყვარელი მუსიკა

მეცნიერებმა მედიკოსებთან ერთად ხანგრძლივი კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ პატარა ასაკიდან სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ტვინის სხვადასხვა სფეროს ავითარებს. მუზიცირება ადამიანებს ეხმარება ნერვული სისტემის განვითარებასა და ჰარმონიაში. მუსიკა უდიდეს როლს თამაშობს ინსულტგადატანილი პაციენტების გამოჯანმრთელებაში, მუსიკის მოყვარულები გაცილებით სწრაფად იბრუნებენ გვმართულ მეტყველებას და აზროვნებას.

 

ფაქტი მესამე: ფიზიკური დატვირთვა და ტემპი

მეცნიერები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ მუსიკა ვარჯიშის დროს შედეგებზე არნახულ გავლენას ახდენს. კომპოზიციები წუთში 125-140 დარტყმით ბევრად ამცირებენ დაღლილობის შეგრძნებას და ამაღლებენ მოტივაციას. გერმანელმა მეცნიერებმა ისიც კი დაადგინეს, რომ ახალი მელოდიის შექმნა ინტენსიურ ვარჯიშს უწყობს ხელს.

 

ფაქტი მეოთხე: ტკივილი და საყვარელი მუსიკა

შეუძლია თუ არა მუსიკას ტკივილის შემსუბუქება? ამაზე მეცნიერები ჯერ კიდევ დავობენ. უკვე დადგენილია, რომ სტომატოლოგთან ვიზიტის დროს ტკივილი ბევრად მცირდება, თუ პაციენტი საყვარელ მუსიკას უსმენს.

 

ფაქტი მეხუთე: საკვები და ფორტეპიანო

დადგენილია, რომ კვების პროცესზე დიდ გავლენას ახდენს მუსიკა. რიტმული და ხმამაღალი მუსიკის დროს ადამიანი უფრო სწრფად ჭამს და თანაც ბევრს, მშვიდი და წყნარი მუსიკის დროს კი ნელა მიირთმევს და ამ პროცესით სიამოვნებასაც განიცდის. მუსიკას საკვების აღქმაზეც შეუძლია გავლენა მოახდინოს. ექსპერიმენტმა, რომელშიც მსურველთა ორი გუნდი მონაწილეობდა, ერთი და იგივე დესერტი სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის თანხლებით დააგემოვნა. ექსპერიმენში მონაწილეთა განცხადებით, ფორტეპიანოს თანხლებით მირთმეული დესერტი უფრო ტკბილი აღმოჩნდა, ვიდრე ჩასაბერი ინსტრუმენტის თანხლებით მირთმეული დესერტი. იგივე შედეგი მიიღეს მეცნიერებმა ღვინის დაგემოვნების დროსაც.

 

ფაქტი მეექვსე: ქცევა და დასარტყამი ინსტრუმენტები

მუსიკა ადამიანის მარტო შინაგან სამყაროზე კი არ ახდენს გავლენას, არამედ მის ქცევაზეც აისახება. მუსიკალურმა თერაპიამ რადიკალურად შეცვალა რთულად აღსაზრდელი ბავშვების ქცევები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ექსპერიმენტში მონაწილეობაზე და გარკველი პერიოდის განმავლობაში დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ. მათ ისწავლეს საკუთარი ნეგატიური ემოციების მართვა და ქცევის კონტროლი; უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია მუსიკას სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, ამიტომ მათთვის მუსიკის მოსმენას დიდი დატვირთვა აქვს. პატიმრებთან ჩატარებულმა ექსპერიმენტმა კი ცხადყო, რომ მუსიკის ინტენსიური მოსმენა, მათ მეტ სიმშვიდეს აძლევს და თანამოსაკნეების მიმართ აგრესიას მინიმუმამდე ამცირებს.
პ.ს. მუსიკის გავლენა ადამიანებზე ყოველთვის სასიკეთოდ არ გამოიყენება. მარკეტოლოგები ზედმიწევნით განსაკუთრებულად არჩევენ მუსიკას სუპემარკეტებისა და რესტორნებისთვის,, რომ რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი მიიზიდონ. “სწორად” შერჩეული მუსიკა ერთ-ერთი მთავარი მახეა კაზინოებშიც – ის კაზინოს მოყვარულებს განუწყვეტლივ თავისკენ იხმობს.