9 დეკემბერი, 2015

მედეა ჯაფარიძის ისტორიული კოსტიუმი საჯაროა

1medea-jafaridzeქართული თეატრისა და კინოს ლეგენდის მედეა ჯაფარიძის ისტორიული კოსტიუმი საჯაროა. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში გაიხსნება სპეციალური გამოფენა, სადაც სილამაზის ეტალონად აღიარებული მედეა ჯაფარიძისთვის შექმნილი კოსტიუმი გამოიფინება.

10 დეკემბერს ხელოვნების სასახლე იოსებ სუმბათაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ექსპოზიციას უმასპინძლებს. გამოფენაზე წაროდგენილი იქნება მედეა ჯაფარიძისათვის შექმნილი ჯულიეტას კოსტუმი სპექტაკლიდან “რომეო და ჯულიეტა”, ასევე მხატვრის მიერ შექმნილი კინოსა და თეატრის ესკიზები.

იოსებ სუმბათაშვილი იმ მხატვართა რიგს მიეკუთვნება, რომლებმაც თავისი შემოქმედება მთლიანად მხატვრობას მიუძღვნეს. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარმა თავისი მეგობრის, ცნობილი მხატვრის, ფარნაოზ ლაპიაშვილის რჩევით, სამხატვრო აკადემიაში გვიან ჩააბარა, მან შეძლო წარუშლელი კვალი დაეტოვებინა ქართული და არა მარტო ქართული თეატრისა თუ კინოს მხატვრობაში.

სხვადასხვა წლებში იოსებ სუმბათაშვილი იყო მარჯანიშვილის თეატრის მთავარი მხატვარი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი. თანამშრომლობდა გორის, ჭიათურის, რუსთაველის თეატრებთან. გაფორმებული აქვს ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “დაისი” და მრავალი სხვა დადგმა. თეატრის პარალელურად იოსებ სუმბათაშვილი ინტენსიურად მუშაობდა კინემატოგრაფიაში, შესრულებული აქვს დეკორაციის ესკიზები კინოფილმისათვის “ქეთო და კოტე“, “ცისკარა“, “მაგდანას ლურჯა“. ამ ფილმმა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი „ოქროს რტო“ და ედინბურგის X საერთაშორისო კინოფესტივალზე პირველი პრემია დაიმსახურა.

1962 წლიდან იოსებ სუმბათაშვილი მოღვაწეობდა მოსკოვის სხვადასხვა დრამატულ თეატრებში, მათ შორის სამხატვრო თეატრში, ვახტანგოვის სახელობის თეატრში, მცირე თეატრში, რუსეთის არმიის აკადემიურ თეატრში, ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში.
თავისი ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში იოსებ სუმბათაშვილი თანამშრომლობდა საზღვარგარეთის სხვადასხვა დრამატულ და მუსიკალურ თეატრთან: ა.შ.შ, გერმანია, პოლონეთი, ბულგარეთი, კორეა…

იოსებ სუმბათაშვილი მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელია, მათ შორის პრაღის კვადრიენალეზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით. მხატვარი თეატრალური პრემიის “ოქროს ნიღაბი” მფლობელიცაა.

ხელოვნების სასახლის, ხელოვნების მუზეუმის, არჩილ გელოვანისა და ალექსანდრე ბაგრატიონის პირად კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს ხელოვნების სასახლის საექსპოზიციო სივრცე ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.

ექსპოზიცია ხელოვნების სასახლეში 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.