16 დეკემბერი, 2015

კონსერვატორიაში საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართება

1tamar-beraiaთბილისის კონსერვატორია საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. 17 დეკემბერს 19:00სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, პიანისტი თამარ ბერაია დაუკრავს.

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი პიანისტის სოლო კონცერტი XVIII საერთაშორისო ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ ფარგლებში იმართება.
თამარ ბერაია ამჟამად უკრაინაში, ქალაქ კიევში მოღვაწეობს.

საკონცერტო პროგრამაშია: ლ.ვ.ბეთჰოვენი Eroica – ვარიაციები მი ბემოლ მაჟორი თხზ.35, კ. დებიუსი – მთვარის შუქი, ლ. ბერიო – Luftklavier, კ. დებიუსი – ფოიერვერკი, ლ. ბერიო – Wasserklavier, კ. დებიუსი – ანარეკლი წყალში, ლ. ბერიო – Feuerklavier, მ. დე ფალია – ცეცხლის რიტუალური ცეკვა, მ. რაველი – ღამის გასპარი.

XVIII საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 14 – 29 დეკემბერს ტარდება.

წლევანდელი ფესტივალი საკმაოდ წარმომადგენლობითია:

მევიოლინე – ჩაიკოვსკის, ვენიავსკის, სიბელიუსის სახელობის საერთაშორისო სავიოლინო კონკურსების პირველი პრემიის ლაურეატი – ნიკიტა ბორისოგლებსკი, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავთან, პიანისტ ბორის ბერეზოვსკისთან ერთად დაუკრავს.

პიანისტები: ალექსანდრე კორსანტია, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი – თამარ ბერაია და ლონდონში მოღვაწე ლუკა ოქროსცვარიძე (ლუკა ოქროს).

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, სოლისტები ბენჟამენ მარკიზ გილმორი (ვიოლინო) და იოზეფ პულია (ვიოლინო), დირიჟორი – ლევ მარკიზი.

მსმენელის წინაშე წარსდგება გერმანიაში მოღვაწე ორღანისტი გაბრიელ (გარი) კონიაევი, რომელმაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორღანო კლასი ეთერ მგალობლიშვილთან დაამთავრა.

წლევანდელ ფესტივალზე სიახლეა – რუბრიკა „დებიუტი“, სადაც მსმენელის წინაშე ლონდონში მოღვაწე 24 წლის ქართველი პიანისტი ლუკა ოქროსცვარიძე (ლუკა ოქროს) წარსდგება. თბილისში მისი სადებიუტო კონცერტია.

ფესტივალის განმავლობაში დიდი დარბაზის ფოიეში იურა ბერიშვილის ნახატების გამოფენა იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალი მოიცავს საფორტეპიანო, კამერული და საორღანო მუსიკის კონცერტებს, ასევე ჯაზის საღამოს.

„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით 1997 წელს დაარსდა. იგი ყოველწლიურად იმართება დეკემბრის მეორე ნახევარში და ორი კვირა გრძელდება.

ფესტივალის განრიგი ასეთია:

17 დეკემბერი, 19:00სთ – საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი – თამარ ბერაია

19 დეკემბერი, 19:30სთ – კამერული მუსიკი კონცერტი.
ბენჟამინ მარკიზ გილმორი (ვიოლინო), იოზეფ პულია (ვიოლინო), „საქართველოს სინფონიეტა“, დირიჟორი ლევ მარკიზი

21 დეკემბერი, 19:30სთ – საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი – ალექსანდრე კორსანტია

22 დეკემბერი, 19:00სთ – საორღანო მუსიკის კონცერტი – გარი კონიაევი (გერმანია)

25 დეკემბერი, 19:00სთ – კამერული მუსიკის კონცერტი: ბორის ბერეზოვსკი (ფ-ნო, რუსეთი) – ნიკიტა ბორისოგლებსკი (ვიოლინო, რუსეთი)

27 დეკემბერი, 19:00სთ – დებიუტი – საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი – ლუკა ოქროსცვარიძე (ლუკა ოქროს)

29 დეკემბერი, 19:00სთ – სულხან ცინცაძის საიუბილეო საღამო.
სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, ლიზი რამიშვილი (ჩელო), თამარ ლიჩელი (ფ-ნო), ირინა თაბორიძე (სოპრანო), ცირა ქამუშაძე (ფ-ნო), ინგა ლობჟანიძე (ფ-ნო).