5 დეკემბერი, 2015

„ჩემი მძევალი ანგელოზები“ – პატიმარი ქალების სპექტაკლი

patimari-qalebis-speqtakli „ჩემი მძევალი ანგელოზები“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა მანანა კვირკველიამ ქეთევან პატარაიას პიესის მიხედვით პატიმარ ქალბატონებთან დადგა.

წარმოდგენაში შვიდ მსჯავრდებულ და ერთ ყოფილ მსჯავრდებულ ქალბატონთან ერთად რუსთაველის თეატრის მსახიობი გიორგი ზანგური მონაწილეობს.

მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში შერჩეულ მსჯავრდებულებთან 4 თვის განმავლობაში შემოქმედებითი ჯგუფი თეატრის რეჟისორი, კინორეჟისორი, დრამატურგი და ფსიქოლოგი მუშაობდნენ. შეხვედრების დროს გამოკვეთილი აქტუალური საკითხების გათვალისწინებით კი მსჯავრდებული ქალბატონებისთვის პიესა დაიწერა.

სპექტაკლი გადმოცემს ამბავს დამნაშავის შესახებ, რომელიც ბანკის ძარცვის მიზნით 8 ქალბატონს მძევლად აიყვანს, მოგვიანებით კი, მათი ცხოვრებისეული ეპიზოდების მოსმენის შემდეგ, მთლიანად იცვლება. ქალბატონებს თავადაც უზიარებს საკუთარ პრობლემებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და მძევლებს ათავისუფლებს.

მსჯავრდებულთა მონაწილეობით სპექტაკლის პენიტენციური დაწესებულების გარეთ დადგმა უპრეცედენტო შემთხვევაა. მსჯავრდებულებს, რომლებსაც წლების განმავლობაში არ დაუტოვებიათ დაწესებულება, საშუალება მიეცათ საკუთარი შესაძლებლობები რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე წარმოეჩინათ.

სპექტაკლის მაყურებელთა შორის 80-მდე მსჯავრდებული აღმოჩნდა. პრემიერას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაესწრო.

სპექტაკლის პარალელურად, თეატრის ფოიეში მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც 70-მდე ექსპონატი იქნა წარმოდგენილი.