21 დეკემბერი, 2015

საორღანო მუსიკა კონსერვატორიაში

1saorgano-musikaXVIII საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ 22 დეკემბერს, 19:00 სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში საორღანო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს.

დიდი დარბაზის ახლად რესტავრირებულ ორღანზე გერმანიაში მოღვაწე ორღანისტი გაბრიელ (გარი) კონიაევი დაუკრავს, რომელმაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორღანო კლასი ცნობილ ქართველ ორღანისტთან ეთერ მგალობლიშვილთან დაამთავრა.

პროგრამაშია: ბუქსტეჰუდე, ბიომი, ბახი, ფლეტჩერი, ვიერნი, ბოვე.

1963 წელს ,,Alexander Schuke Potsdam’’’-ის მიერ კონსერვატორიის დიდ დარბაზში დამონტაჟებულ ორღანს 2015 წლის აგვისტოში აღნიშნული კომპანიის სპეციალისტების მიერ კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა.

22 დეკემბრის კონცერტი პირველია ორღანის რესტავრაციის შემდეგ.

აღნიშნული ორღანი დღემდე ერთდერთი საკონცერტო ორღანია საქართველოში. 1998 წელს საქართველოს პარლამენტისა და გერმანიის რესპუბლიკის ერთობლივი ძალისხმევით კომპანიამ ,,Alexander Schuke Potsdam’’’ განახორციელა რესტავრაცია. რესტავრაციაზე უშუალოდ ალექსანდრე შუკეს შთამომავალი მუშაობდა. 2012 წელს ორღანის გაუმართავობის გამო, კვლავ შეფერხდა მასზე საკონცერტო შესრულება. მოწვეულ იქნა ,,Alexander Schuke Potsdam’’-ის ექსპერტი, კომპანიის საგვარეულოს შთამომავალი მათიას შუკე, რომალმაც დაადგინა, რომ ორღანი სასწრაფო შეკეთებას საჭიროებდა.

2015 წლის ივლისში კონსერვატორიაში ჩამოვიდნენ კომპანიის სპეციალისტები და დაიწყეს ორღანის კაპიტალური შეკეთება, რომელიც აგვისტოში დასრულდა.

XVIII საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 14 – 29 დეკემბერს ტარდება.

ფესტივალის განმავლობაში დიდი დარბაზის ფოიეში იურა ბერიშვილის ნახატების გამოფენა იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალი მოიცავს საფორტეპიანო, კამერული და საორღანო მუსიკის კონცერტებს, ასევე ჯაზის საღამოს.

„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით 1997 წელს დაარსდა. იგი ყოველწლიურად იმართება დეკემბრის მეორე ნახევარში და ორი კვირა გრძელდება.

ფესტივალის განრიგი:

14 დეკემბერი, 20:00სთ – ჯეფ ბალარდის ჯაზ ტრიო (აშშ)
ჯეფ ბალარდი (დრამი), ქევინ ჰეისი (ფორტეპიანო), მეტ ბრუერი (ბასი)

17 დეკემბერი, 19:00სთ – საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი – თამარ ბერაია

19 დეკემბერი, 19:30სთ – კამერული მუსიკი კონცერტი.
ბენჟამინ მარკიზ გილმორი (ვიოლინო), იოზეფ პულია (ვიოლინო), „საქართველოს სინფონიეტა“, დირიჟორი ლევ მარკიზი

21 დეკემბერი, 19:30სთ – საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი – ალექსანდრე კორსანტია

22 დეკემბერი, 19:00სთ – საორღანო მუსიკის კონცერტი – გარი კონიაევი (გერმანია)

25 დეკემბერი, 19:00სთ – კამერული მუსიკის კონცერტი: ბორის ბერეზოვსკი (ფ-ნო, რუსეთი) – ნიკიტა ბორისოგლებსკი (ვიოლინო, რუსეთი)

27 დეკემბერი, 19:00სთ – დებიუტი – საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი – ლუკა ოქროსცვარიძე (ლუკა ოქროს)

29 დეკემბერი, 19:00სთ – სულხან ცინცაძის საიუბილეო საღამო.
სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, ლიზი რამიშვილი (ჩელო), თამარ ლიჩელი (ფ-ნო), ირინა თაბორიძე (სოპრანო), ცირა ქამუშაძე (ფ-ნო), ინგა ლობჟანიძე (ფ-ნო).