26 დეკემბერი, 2015

ლონდონში მოღვაწე ქართველი პიანისტის დებიუტი სამშობლოში

1luka-okros2ლონდონში მოღვაწე 24 წლის ქართველი პიანისტი ლუკა ოქროსცვარიძე (ლუკა ოქროს) სამშობლოში სადებიუტო კონცერტს გამართავს.

საფორტეპიანო კონცერტი XVIII საერთაშორისო ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ ფარგლებში კვირას, 27 დეკემბერს 19:00 სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება.

ფესტივალი რიგით მეშვიდე კონცერტს უმასპინძლებს. რუბრიკა “დებიუტი” “საახალწლო მუსიკალური შეხვედრების” ორგანიზატორებმა წელს დაამატეს და მისი პირველი სტუმარი ლუკა ოქროსცვარიძეა.

ლუკა ოქროს – ქართველი პიანისტი, მოსკოვის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს ლონდონის მუსიკის სამეფო კოლეჯში. ის არის რამოდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, მათ შორის: ხოსე იტურბის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი (ვალენსია), ალმა-ატას კონკურსი, პიანო კამპუსის კონკურსი, ჰოროვიცის ხსოვნისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი (კიევი). ამავე დროს ის არის სხვადასხვა ფონდის ჯილდოს მფლობელი: Hattori Foundation, the Tillet Trust, the Craxton Foundation, the Deena Shypitka Award; ასევე, მიიღო Tabor Foundation Piano Prize ვერბიეს ფესტივალზე. სხვადასხვა დროს ლუკა სწავლობდა ნორმა ფიშერის, სერგეი დოენსკის, ალექსანდერ ბონდურიანსკის და ვაჟა ჩაჩავას ხელმძღვანელობით.

ქართველი პიანისტი მსმენელის წინაშე კონცერტებით წარსდგა 15 ქვეყანაში. დაუკრავს ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორებიცაა: Carnegie Hall, Roy Thomson Hall, Wigmore
Hall და Cadogan Hall, Salle Cortot.

XVIII საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 14 – 29 დეკემბერს ტარდება.

ფესტივალის განმავლობაში დიდი დარბაზის ფოიეში იურა ბერიშვილის ნახატების გამოფენა იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალი მოიცავს საფორტეპიანო, კამერული და საორღანო მუსიკის კონცერტებს, ასევე ჯაზის საღამოს.

„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით 1997 წელს დაარსდა. იგი ყოველწლიურად იმართება დეკემბრის მეორე ნახევარში და ორი კვირა გრძელდება.

ფესტივალის განრიგი:

14 დეკემბერი, 20:00სთ – ჯეფ ბალარდის ჯაზ ტრიო (აშშ)
ჯეფ ბალარდი (დრამი), ქევინ ჰეისი (ფორტეპიანო), მეტ ბრუერი (ბასი)

17 დეკემბერი, 19:00სთ – საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი – თამარ ბერაია

19 დეკემბერი, 19:30სთ – კამერული მუსიკი კონცერტი.
ბენჟამინ მარკიზ გილმორი (ვიოლინო), იოზეფ პულია (ვიოლინო),
„საქართველოს სინფონიეტა“, დირიჟორი ლევ მარკიზი

21 დეკემბერი, 19:30სთ – საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი – ალექსანდრე კორსანტია

22 დეკემბერი, 19:00სთ – საორღანო მუსიკის კონცერტი – გარი კონიაევი (გერმანია)

25 დეკემბერი, 19:00სთ – კამერული მუსიკის კონცერტი: ბორის ბერეზოვსკი (ფ-ნო, რუსეთი) – ნიკიტა ბორისოგლებსკი (ვიოლინო, რუსეთი)

27 დეკემბერი, 19:00სთ – დებიუტი – საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი – ლუკა ოქროსცვარიძე (ლუკა ოქროს)

29 დეკემბერი, 19:00სთ – სულხან ცინცაძის საიუბილეო საღამო.
სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, ლიზი რამიშვილი (ჩელო), თამარ ლიჩელი (ფ-ნო), ირინა თაბორიძე (სოპრანო), ცირა ქამუშაძე (ფ-ნო), ინგა ლობჟანიძე (ფ-ნო).