24 დეკემბერი, 2015

დავით მაღრაძის იტალიური აღიარება

1davit-magradze-italiashiპოეტი დავით მაღრაძე და მისი შემოქმედება სულ უფრო პოპულარული ხდება საზღვარგარეთ. მისი ნაწარმოებები სხვადასხვა ენებზე აქტიურად ითარგმნება. ნობელის პრემიის ნომინანტი ლიტერატურაში არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

მის წარმატებებს იტალიური აღიარებაც დაემატა. რომის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ და ღირშესანიშნავ ციხესიმაგრეში, კასტელ სანტ’ანჯელოში, პაოლინას უნიკალურ დარბაზში, საქართველოს საელჩოსა და იტალიური გამომცემლობა ჯულიანო ლადოლფის ორგანიზებით დათო მაღრაძის პოეზიის კრებულის “ექოს” პრეზენტაცია შედგა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ იტალიელი გამომცემლები, ლიტერატურის კრიტიკოსები, ჟურნალისტები და იტალიასა და ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატები.

კრებული იტალიურ ენაზე თარგმნა იტალიაში მოღვაწე ჟურნალისტმა და ფილოლოგმა, მილანის ქართული კულტურის საზოგადოების “სამშობლო გულით სატარებლის” თავმჯდომარემ ნუნუ გელაძემ.

დათო მაღრაძის პოეზიასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს ბატონიშვილმა ქეთევან ბაგრატიონ მუხრანელმა და გამომცემელმა და ლიტერატურულმა კრიტიკოსმა ჯულიანო ლადოლფიმ. დამსწრე საზოგდოებისათვის ლექსები წაიკითხეს ავტორმა და ახალგაზრდა იტალიელმა მსახიობმა ჯულიანო გრეკომ.

პრეზენტაციის დასასრულს, კასტელ სანტ’ანჯელოს ერთ-ერთ ტერასაზე მიღება გაიმართა, სადაც მიწვეულმა სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს.