2 დეკემბერი, 2015

გიორგი შენგელაია სოსო ჯაჭვლიანის და ირაკლი ტრიპოლსკის წინააღმდეგ

1giorgi-shengelaiaკინორეჟისორი გიორგი შენგელაია რეჟისორებს სოსო ჯაჭვლიანს და ირაკლი ტრიპოლსკის ახალ ბრალდებებს უყენებს. საუბარია კინოსტუდია “ქართულ ფილმზე”. გიორგი შენგელაია ამტკიცებს, რომ “ქართული ფილმის” ხელში ჩაგდება ჯაჭვლიანს და ტრიპოლსკის სურთ.

კინორეჟისორი სამართლიანობის აღდგენას და “ქართული ფილმის” კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადატანას ითხოვს. ის გაჩერებას არ აპირებს და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა აქვს გადაწყვეტილი.

გიორგი შენგელაია:

“ქართულ ფილმში” მივაღწიე იმას, რომ დამნიშნეს დირექტორად. როგორც კი ეს ჩემმა “კოლეგებმა” გაიგეს და მიხვდნენ, რომ თანხებს კარგავდნენ, ყველაფერი გააკეთეს ჩემს ჩამოსაშორებლად. სოსო ჯაჭვლიანმა და ირაკლი ტრიპოლსკიმ შეცდომაში შეიყვანეს ბიძინა ივანიშვილი. მათ მოიგონეს, რომ თურმე კინოსტუდიაში ბორდის არსებობაა საჭირო, ანუ, ზედამხედველი ორგანოსი 9 კაცის შემადგენლობით, მაშინ, როდესაც კინოსტუდიის სათავეში სულ 5 კაცი ვიყავით, რომლებიც საწარმოს ნაგვისგან ვასუფთავებდით. ბორდის წევრების სია დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა შეადგინა. ბორდის თავმჯდომარედ კი რამაზ ხოტივარი დაინიშნა. „ქართული ფილმი“ არავის საკუთრება არ გახლავთ, ვინაიდან მთელი ეს საწარმო თვითონ კინემატოგრაფისტების შრომის შედეგად აშენდა. ახლა კი ეს ადამიანები მშივრები და უმუშევრები სხედან.”

“არტინფო” ირაკლი ტრიპოლსკის და სოსო ჯაჭვლიანსაც დაუკავშირდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ დაიღალნენ ამ თემაზე საუბრით, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ ბოლოჯერ უპასუხეს გიორგი შენგელაიას ბრალდებებს საჯარო წერილით და ამ თემაზე არანაირი კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებენ.