22 დეკემბერი, 2015

ახალი დაპირისპირება ,,ქართულ ფილმში’’

1artსააქციო საზოგადოება “ქართული ფილმი” კარგა ხანია დაპირისპირების მიზეზია. ორ ბანაკად დაყოფილი ქართველი კინოხელოვანები ჯიუტად ცდილობენ დაამტკიცონ თავისი სიმართლე.

სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის თანამშრომლების” დირექტორმა თამაზ ორაშვილმა ოფიციალური წერილით, თხოვნით მიმართა სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” დირექტორთა საბჭოს, რომ 22 დეკემბერს დანიშნული რიგით მესამე აქციონერთა საერთო კრების ჩასატარებლად დარბაზი დაეთმო.

თამაზ ორაშვილის თხოვნას “ქართული ფილმი” ოფიციალური განცხადებით სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“სს „ქართული ფილმის თანამშრომლების“ ამჟამინდელმა დირექტორმა თამაზ ორაშვილმა მოითხოვა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ შენობაში კრების ჩასატარებლად ფართის გამოყოფა, ინვენტარით აღჭურვა და მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გაღება. სს „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭომ მისი ეს ამბიციური ტონით დაწერილი თხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან:

ა) სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმის თანამშრომლებს“ არაფერი საერთო არა აქვს სააქციო საზოგადოება „ქართულ ფილმთან“. ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც არ გააჩნია ოფისი სს „ქართული ფილმის“ ტერიტორიაზე.

ბ) სს „ქართულ ფილმს“ არ აქვს უფლება უსასყიდლოდ დაუთმოს სივრცე სრულიად უცხო ორგანიზაციას და უზრუნველყოს იგი მის მიერ მოთხოვნილი ინვენტარით და შესაბამისი ხარჯებით.

გ) სს „ქართულ ფილმს“ არ გააჩნია სააქტო ან საკონფერენციო დარბაზი, რაც კარგად არის ცნობილი თამაზ ორაშვილისთვის. ასეთ მასშტაბურ კრებებს და შეხვედრებს თავად სს “ქართული ფილმი“ აწყობს ხოლმე საქართველოს კინოაკადემიის შენობაში.
სს „ქართული ფილმის თანამშრომლების“ აქციონერებს საქართველოს პროკურატურაში შეტანილი აქვთ საჩივარი საზოგადოების დირექტორის, თამაზ ორაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მან არ უპასუხა მათ წერილობით მოთხოვნას და არ გააკეთა ანგარიში მათი კუთვნილი თანხების შესახებ. აქციონერებს აქვთ სერიოზული ეჭვი იმისა, რომ თამაზ ორაშვილმა არამიზნობრივად დახარჯა მათი კუთვნილი თანხები და შესაძლებელია მიითვისა კიდეც. აქციონერების დიდი ნაწილი და მასთან ერთად „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოც თვლის, რომ თამაზ ორაშვილი განგებ ითხოვს კრების ჩატარებას იქ, სადაც ეს შეუძლებელია, რათა კიდევ ერთხელ დაუსხლტეს აქციონერთა კითხვებს და დამალოს მისდამი მიბარებული ფინანსების რეალური სავალალო მდგომარეობა.”

“ქართული ფილმის” ამ განცხადებას თამაზ ორაშვილმა ასე უპასუხა:

“უკაცრავად და, მაგრად მაინტერესებს სტატუსის ავტორი ვინ არის? არ მინდა დავიჯერო, რომ დირექტორთა საბჭოს დავალებით ადმინმა დაასტატუსა… მე ვერ ვხდები და იქნებ თქვენ გამაგებინოთ, რა ამბიციურ წერილზე საუბრობთ, სადაც თხოვნით მივმართავ დირექტორთა საბჭოს (ჩემთვის საპატივცემულო ადამიანებს….ვისთანაც არა ერთი წელი მაქ გატარებული “ქართულ ფილმში”) და ბოლოს პატივისცემით მოვიხსენიებ… თურმე აქციონერებს ჰქონიათ სერიოზული ეჭვი, რომ არამიზნობრივად დამიხარჯია მათი კუთვნილი თანხები… ჯერ ერთი, მაგ თემით ჩემთვის არავის მოუმართავს და რომ მოემართათ, აუცილებლად მივაწვდიდი ინფორმაციას რომელ ბანკში და რამდენი დევს ჩვენ ქონებაზე გადახდილი თანხა… და კიდევ ერთი… ჩემგან მინდა გითხრათ ერთი რამ… თქვენ “ქართული ფილმის” თანამშრომლებს არ მიეცით საკუთარ ტერიტორიაზე შესვლის უფლება, იმ ადამიანებს რომლებმაც ცხოვრების ნახევარზე მეტი გაატარეს კინოსტუდია “ქართულ ფილმში”… თუ რომელიმეს გაგიჩნდებათ კითხვები, მზად ვარ გიპასუხოთ… დიდი მადლობა… პატივისცემით თამაზ ორაშვილი.”

“არტინფო” თამაზ ორაშვილს დაუკავშირდა:

“ქართული ფილმის” ისტორია საკმაოდ გრძელი და ჩახლართულია. სამი წელია ვიბრძვი, რომ ქართული ფილმის თანამშრომლებისთვის წართმეული ქონება დაბრუნდეს. სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” თანამშრომლები უზარმაზარი ქონების მფლობელები ვიყავით – 100 პროცენტიანი წილის მფლობელები. დროთა განმავლობაში ჩვენი წილის 2-3 მივეცით სახელმწიფოს. დარჩენილი 1-3 წინა ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა თაღლითური გზით გაგვიყიდეს. 5 მილიონიანი ქონება გაიტანეს აუქციონზე და მეორე ცდაზე 321.000-ად გაყიდეს.

ჩვენ ახალ ხელისუფლებასთან დავიწყეთ საუბარი, 4 თვე ეკონომიკის სამინისტროსთან ვიმუშავეთ, 20 შეხვედრა მქონდა ეკონომიკის მინისტრთან, 2-ჯერ პრემიერ მინისტრსაც შევხვდი, შედგა სახელმწიფო კომისია მინისტრების შემადგენლობით, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო.

ჩვენ გვინდოდა “ქართულ ფილმში” განვითარებული მოვლენები ყოფილიყო გამჭვირვალე და ამისთვის შექმნილიყო ბორდი. ეს დაიხვიეს ხელზე ჯაჭვლიანმა და ტრიპოლსკიმ, დანიშნეს 9 კაციანი ბორდი და გაყარეს მთელი ხალხი კინოსტუდიიდან.”