Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხატია ბუნიათიშვილი: ,,მადლობა!”

10 დეკემბერი, 2015

1xatia-buniatishმსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში. პიანისტი მონაწილეობდა წამყვან ორკესტრებთან ერთად გამართულ კონცერტებში.

წლევანდელი წლით ხატია კმაყოფილია, მაგრამ წლის ბოლოს გაჟღერებული სიახლე მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ქართველი პიანისტი მსოფლიოში ცნობილი როკ ჯგუფის Coldplay-ის ახალი ალბომის ჩაწერაში მონაწილეობს.

ალბომის გამოსვლამდე მათ გუშინ პარიზში ერთობლივი კონცერტი გამართეს, რასაც ემოციებით სავსე პიანისტმა საკმაოდ ვრცელი ჩანაწერი მიუძღვნა და ჯგუფის სოლისტს კრის მარტინს ასეთი დაუვიწყარი ემოციებისთვის მადლობა გადაუხადა:

“ძვირფასო კრის!

გუშინ ღამით პარიზში პირველად დავუკარი შენს კონცერტზე.

გუშინ ღამით პირველად ტერაქტის შემდეგ ვიგრძენი პარიზის გულისცემა, რომელმაც არ იცოდა რა აერჩია – სიყვარული თუ სიძულვილი.

გუშინ ღამით პირველად ცამეტი ნოემბრის შემდეგ ვიგრძენი, სისხლი როგორ მომაწვა გულზე და შემეძლო გაცემაც და მიღებაც. შენმა მუსიკამ, შენმა უსაზღვრო შესაძლებლობამ გიყვარდეს ყველაფერი და ყველა, გახადა ეს შესაძლებელი. საჯაროდ ვიდექი უცხო ადამაიანებთან და სიახლოვეს ვგრძნობდი მათთან, ვცეკვავდით, ვტიროდით… ჩვენ არ გვწყუროდა შურისძიება, ჩვენ გვწყუროდა სიყვარული და ჩვენ ერთნი ვიყავით.

გუშინ ღამით ეს პარიზში მოხდა…

წარმოგიდგენია, არსებობს ქვეყნები, სადაც ხალხს ეკრძალება სიყვარული, ცეკვა, სიცილი, თავისუფლების შეგრძნება, იმიტომ, რომ დიქტატორები და ტერორისტები არ აძლევენ ამის საშუალებას. მათ სჯიან, კლავენ, აწამებენ მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლებისთვის იკივილეს, ისევე როგორც ყოველი ადამიანი კივის დაბადებისას, პირველ წამებში, როდესაც დედის მუცლიდან სამყაროს ევლინება და ამ საოცარი სამყაროს ჰაერს ჩაისუნთქავს. ვიცი, რომ შენ ამ სისასტიკეს არა ხმლით, არამედ სიყვარულით ებრძვი.

სანამ შინაგანად გაყინული ვუსმენდი A Head full of dreams სხვადასხვა ემოციების სამყაროში შევაბიჯე სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრების აღრევაში, შედეგად შენ გააქრე სტილი და მუსიკა სამუდამო გახადე ჩარჩოების გარეშე. შენ არ გიცდია მხოლოდ პოზიტიური ემოციების შექმნა, ყველაფერს გაუღე კარი – სასოწარკვეთასაც, იმედსაც, იმედგაცრუებასაც, სიბრაზესაც, სიყვარულსაც. სასოწარკვეთის გარეშე იმედი არ ჩნდება და სიბნელის გარეშე სინათლე არაფერია. მუსიკამ ეს ყველაფერი გააღვიძა ჩემში ისე, რომ ვერც გავაანალიზე რომელი მათგანი უფრო მნიშვნელოვანი იყო და საბოლოოდ ვიგრძენი, როგორ დაიწყო სისხლმა სხეულში მოძრაობა. მე ბედნიერი ვიყავი, ცოცხალი ვიყავი და ვიგრძენი, რომ სანამ ცოცხალი ხარ, იმედიც არსებობს.

მადლობა, რომ ამ ალბომის ნაწილი გამხადაე. როდესაც თანამშრომლობა შემომთავაზე, შენ საკუთარი ღრმა მუსიკალური სამყაროს კარი გამიღე და დამეხმარე როგორც გენიალური მენტორი, რომ ჩემი სამყაროს კარი გამეხსნა. შენ დამარწმუნე, რომ როდესაც ორი მუსიკალური სამყაროს კარი იღება და ხდება მათი შეერთება, ეს არასოდესაა ე.წ. “ქროსოვერი”, ეს რეალური მუსიკის შექმნის პროცესია. საკუთარი მუსიკა დამანახე როგორც მშვენიერი კვირტი და მასწავლე როგორ ამეყვავებინა. იცის ხალხმა როგორ გიყვარს, გრძნობ და იცნობ კლასიკურ მუსიკას? იციან როგორ გრძნობ ფრაზებს, ჰარმონიებს და როგორ ქმნი დრამატურგიას ყველა სიმღერისა და ალბომისთვის? სავარაუდოდ არა, მაგრამ ისინი გრძნობენ ამას. ყოველი სიტყვის და ბგერის მიღმა ღრმა მნიშვნელობაა, მაგრამ ეს არასოდეს არ არის რთული, რადგან შენ პირდაპირ ყველა ადამიანს მიმართავ. როგორც ყველა სიბრძნე, შენი ენაც მარტივია.

საქართველოში ხე გვაქვს, რომელსაც ნატვრის ხეს ვეძახით, ბავშვები მასზე ნაჭრებს აბამენ, თან სურვილს ჩაიფიქრებენ, რომ აუსრულდეთ. ბავშვობაში მეც ჩავუთქვი სურვილი ნატვრის ხეს, ვინატრე მსოფლიოში მშვიდობა და სიყვარული. შენს head full of dreams-ში, Kaleidoscope-ში ძალიან მოკლე ჰარმონიების მონაკვეთში, რუმის პოეზიის კოლმან ბარკის ხმით გაცოცხლება და პრეზიდენტ ობამას ნებართვით ჩემი და საქართველოში და მსოფლიოში მცხოვრები უამრავი ბავშვის ოცნებები სამუდამოდ გადაიჯაჭვა.

მადლობა კრის! მადლობა Coldplay!

სიყვარულით, ხატია.”