Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ზუმბა: ,,დამიჯერეთ!’’

7 დეკემბერი, 2015

1zumbaამერიკაში დიდი ხნით გადახვეწილი მომღერალი ზუმბა იგივე ზაზა კორინთელი ქართულ საზოგადოებას გულწრფელ რჩევას აძლევს. ის თავის მეგობრებს, ნაცნობებსა თუ უცნობებს საჯაროდ მიმართავს და ღია წერილს ავრცელებს.

ზუმბა:

“…შენ რა გენაღვლება, ამერიკაში ხარ!.. თორემ მანდ რომ ვიყავი, ხომ… ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, ნათესავებო, ნაცნობებო, ახლობლებო, ნამდვილ მეგობრებს არ მივმართავ!!!

ყველა თავის სავალ გზას თვითონ ირჩევს ცხოვრებაში. ყველას თავისი ფუნქცია და მისია აქვს. პიროვნულ ვალს უფლის, სამშობლოს და ოჯახის წინაშე ყოველთვის ვგრძნობ და არსად გავურბივარ. ფიზიკურად კი, ალალად გეტყვით, რამოდენიმე მეგობრის და ბანკის კრედიტის გარდა არავის წინაშე არანაირი ვალდებულება არ გამაჩნია. ყველა ჩემს გადადგმულ ნაბიჯზე პასუხისმგებელი ვარ. რაც შეეხება ხელოვნებას და კულტურას, მაქსიმალურად ვემსახურები, სადაც არ უნდა ვიყო გეოგრაფიულად. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორეჯერ მიწევს ქვეყნის დიდი ხნით დატოვება, უდიდეს პატივს ვცემ ჩემს ქართულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს და მინდა ბოლომდე ვემსახურო მას. ასე, რომ სხვის პირად ცხოვრებაში ქექვას, ჭორაობას და განკითხვას შეეშვით. საკუთარი თავის ძებნით და თქვენივე ცხოვრებით დაკავდით. დამიჯერეთ, თქვენც და ქვეყანასაც უფრო წაადგება პიროვნულად და პროფესიონალურად ჩამოყალიბებული, თავისუფალი მოქალაქეები.

მართლა ბევრი არაფერი მჭირდება ბედნიერებისთვის, ჩემი სიხარული ძვირი ნამდვილად არ ღირს. ჩემთვის უმთავრესი ადამიანური ურთიერთობებია და მათი ხარისხი. უბრალოდ, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი დაუმსახურებელი შეურაცხყოფა და დამცირება ავიტანე, მაგრამ არ გავბოროტებულვარ. ვცდილობდი წონასწორობა შემენარჩუნებინა და ბოლომდე მუსიკაში ვყოფილიყავი. ბევრი კრიზისიც გადავიტანე ისე, რომ სხვები არ შემიწუხებია. ყოველთვის ვცდილობდი ჩემით გავმკლავებოდი პრობლემებს.

გამოცდილება საკმაო მაქვს, თუნდაც ქვეყნის გარეთ ცხოვრების. გავლილი მაქვს და ზუსტად დეტალებში ვიცი ყველა შესაძლო ფიზიკური, მატერიალური და სულიერი პრობლემა. თან, მითუმეტეს, როცა ყველაფერს ისევ თავიდან იწყებ, დამიჯერეთ, ძალიან რთულია, მაგრამ საინტერესოც. მოკლედ, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მეც ჩემსას ვეცდები ბოლომდე. ფუჭს, უგულოს და ანგარებით წამოსულ გრძნობებს ვეღარ მივიღებ, სამწუხაროდ და ტყუილადაც ნუ დაიხარჯებით. თუ მართლა მოგენატრებით კიდევ, ამისთვის უამრავი ტექნოლოგიური საშუალება არსებობს და დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მზად ვარ კონტაქტისთვის.

მიყვარხართ. მენატრებით. თქვენი ზაზა კორინთელი.”