10 დეკემბერი, 2015

ლევან აბაშიძე – სამშობლოს შეწირული ვარსკვლავი

1Levan_abashidzeმსახიობ ლევან აბაშიძეზე ყოველთვის აღტაცებით და დიდი სიყვარულით საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი 29 წლის ასაკში აფხაზეთის ომში დაიღუპა, მაინც დატოვა თავისი კვალი ქართულ კინოში.

კანის კინოფესტივალის მიმოხილვაში ფრანგულმა პრესამ ის მარლონ ბრანდოს შეადარა. მსახიობის სილამაზით და პროფესიონალიზმით მოხიბლული მაყურებელი გულგრილად ვერ უყურებს ფილმებს ლევან აბაშიძის მონაწილეობით.

“არტინფო” მსახიობის ხანმოკლე, მაგრამ საოცრად რომანტიკულ და პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე ცხოვრების ეპიზოდებს გაგაცნობთ.

***

ლევან აბაშიძის მშობლები მანანა ხიდაშელი და აგი აბაშიძე მთელ თბილისში სილამაზით განთქმული წყვილი იყო. ჩამომავლობით მსახიობი ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავალი იყო თეკლა ბატონიშვილის შტოდან.

ლევან აბაშიძისთვის კინოგადაღებები პირველად მეშვიდე კლასში სწავლისას შედგა. ის ცნობილი ქართველი კინორეჟისორის ლანა ღოღობერიძის შვილთან ნუცა ალექსი მესხიშვილთან მეგობრობდა. როდესაც რეჟისორმა გადაწყვიტა გადაეღო ფილმი “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, ნუცა გაჯიუტდა და დედას გამოუცხადა, თუ ფილმში ლევანს არ გადაიღებ, არც მე გადამიღოო. ასე აღმოჩნდა ლევან აბაშიძე ლანა ღოღობერიძის გახმაურებულ ფილმში, სადაც სანდროს როლი შეასრულა.

ამ ეპიზოდს მსახიობის დედა მანანა ხიდაშელი ასე იხსენებდა:

“დაინიშნა გადაღების დღე და ლევანმა გადაღების წინა ღამე თეთრად გაათენა ფანჯარასთან. იცით რატომ? ეშინოდა, ამინდი არ გაფუჭდესო.”

პირველი ფილმის გადაღებების პროცესზე ლევან აბაშიძე ყოველთვის აღტაცებით ყვებოდა:

“რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” იყო პირველი ფილმი, სადაც მივიღე მონაწილეობა და შევასრულე მთავარი გმირის შვილის როლი. ფილმის გადაღებისას ახლოს გავიცანი კინო, რომელიც თეატრთან ერთად ძალიან უყვართ ჩვენს ოჯახში. თუმცა პროფესიონალი მხოლოდ პაპაა, სოლიკო ვირსალაძე, დიდი თეატრის მხატვარი. ბავშვობაში მეხანძრეობა მინდოდა, რადგან სახანძროს ახლოს ვცხოვრობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ექიმობა მომინდა. ალბათ, იმიტომ, რომ ამ დროისთვის გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით, მოტოციკლით, თხილამურებით და ხშირად საავადმყოფოში დამტვრეული ვხვდებოდი. საბოლოოდ გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა აიყვანა კურსი. მე განგების მადლიერი ვარ, რომ მასთან მოვხვდი. მთელი კურსი თეატრის ცხოვრებით ვცხოვრობდით. ბატონი მიშა, კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში გვათამაშებდა. უკვე მეორე კურსზე შევასრულე მთავარი როლი სპექტაკლში “ჩვენი პატარა ქალაქი”.

***

სულით რომანტიკოსს მოსწონდა საყვარელი ადამიანების გაოცება და ამიტომაც მათ სიურპრიზებს არ აკლებდა. ერთხელ ჟანგიანი მილით აძვრა შეყვარებულის აივანზე… ერთხელ ბაკურიანში მეგობართან დანჯღრეული მოტოციკლით ჩავიდა… ერთხელ ნივით ორმოში ჩავარდა და იქვე დატოვა……ერთხელ… ერთხელ…

გოგონები ლევანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მსახიობის დედის თქმით, მას გაუთავებელი რომანები ჰქონდა, მაგრამ უსინდისობა არასოდეს ჩაუდენია:

“მხოლოდ მან იცოდა ერთი ყვავილის განსაკუთრებული ელეგანტურობით მირთმევა და მხოლოდ მას შეეძლო ნებისმიერი ასაკის ქალის მოხიბვლა. მის გვერდით მუდამ ლამაზი ქალები იყვნენ და ეს ქალები ხშირად იცვლებოდნენ. რომ მოვდიოდი, სულ სხვადასხვა გოგოები გამოდიოდნენ სახლიდან, მაგრამ არასოდეს უსინდისობა არ ჩაუდენია, ყოველთვის იცოდა, ვისთან როგორ მოქცეულიყო. გაუთავებელი რომანები ჰქონდა.”

მსახიობისთვის ამდენ გოგონას შორის იყო ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული – მოლდაველი მსახიობი მიკაელა სტრიმბიანუ. მიკა თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობდა. მათ ერთმანეთი თბილისში გაიცნეს და დიდი სიყვარულიც დაიწყო. თავდაპირველად ისინი ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მოგვიანებით კი ლევანმა დედას სთხოვა, მიკას მათთან ეცხოვრა. დედაც დათანხმდა. მიკა მათთან მანამდე ცხოვრობდა, სანამ ინსტიტუტი არ დაამთავრა, მერე კი სამშობლოში დაბრუნდა. მიკას არ დაუკარგავს კავშირი არც ლევანთან და არც მის დედასთან, ყოველთვის ურეკავდა და კითხულობდა. ლევანის აფხაზეთის ომში დაღუპვა კი საშინლად განიცადა.

***

ლევან აბაშიძე 1992 წელს აფხაზეთის ომში წავიდა. მას ერთდროულად სამ ფილმში იღებდნენ, მაგრამ მას გადაღებები არ აინტერესებდა. მსახიობის მეგობრებმა ომში წასვლა გადაწყვიტეს, ლევანსაც მათთან ერთად უნდოდა წასვლა, მაგრამ ბათუში გადაღებებზე ელოდებოდნენ. თუ მსახიობი არ ჩავიდოდა, გადაღებები ჩაიშლებოდა. საბოლოოდ ლევანი ბათუმში წავიდა, ფილმში მონაწილეობა მიიღო და თბილისში დაბრუნდა. მას აფხაზეთიდან რამდენიმე დღით ჩამოსული მეგობარი შეხვდა, რმოელიც მეორე დღეს ისევ აფხაზეთში ბრუნდებოდა. ლევანმა გაიგო, რომ ვერტმფრენში ერთი ადგილი იყო და მან თბილისი დაუფიქრებლად დატოვა.

მსახიობი ომში წასვლის პირველივე დღეს დაიღუპა. მისი მეგობარი იხსენებდა: “მას პირველად ეჭირა ცხოვრებაში ავტომატი და პირველად იყო ომში. ლევანი თავისი ნებით წავიდა აფხაზეთში, რადგან ის თვლიდა, რომ უსამართლობა იყო, რომ ის ვარსკვლავის ცხვრებით ცხოვრობდა მისი თანამემამულეები კი სამშობლოსათვის იღუპებოდნენ!”

ლევანის პანაშვიდზე 12-13 წლის ბიჭები მივიდნენ. როცა მსახიობის დედამ ჰკითხა, თუ ვინ იყვნენ, ჩვენ ლევანის ძმაკაცები ვართო, უპასუხეს ბავშვებმა.…