17 დეკემბერი, 2015

ახალი წლის მეკვლე გივი ბერიკაშვილი

1mozardis-saaxalwloნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი საახალწლოდ, 29 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით პატარებს გრანდიოზულ საახალწლო შოუს უმზადებს.

მოზარდ მაყურებელთა თეატრში ბავშვებს დიდი მხიარულება ელით – ერთ სცენაზე შეიკრიბებიან სხვადასხვა ზღაპრის გმირები – წითელქუდას მადევარი მგელი და მელაკუდა, ჭიამაიების მწყემსი ბიჭი სალამურა და მომღერალი ჭიამაია, კოლობოკი, მხიარული კონფერანსიე, ფიფქიას ბოროტი დედინაცვალი, მისი ერთგული ჯალათი და მრავალი სხვა საყვარელი პერსონაჟი. ისინი საახალწლო კარნავალისთვის ემზადებიან, რომელიც დახუნძლული იქნება სიმღერებითა და ცეკვით.

ახალ წელს ხომ სასწაულები ხდება! და ჩვენი თეატრის სცენაზეც საოცარი ამბები დატრიალდება – ბოროტი პერსონაჟები სასწაულებრივად გაკეთილშობილდებიან, ბოროტების ჩადენის სურვილი უქრებათ, კოსმოსიდან კი უცნაური კოსმიური სტუმრები გვეწვევიან. საახალწლო ზეიმის მთავარი სტუმარი – ყველასათვის უსაყვარლესი მსახიობი, გივი ბერიკაშვილი მეკვლედ მოგვევლინება და ჩვეული სითბოთი და სიყვარულით მიულოცავს ახალ წელს დიდსა თუ პატარას!

საახალწლო შოუს დამდგმელი რეჟისორია დიმიტრი ხვთისიაშვილი, მხატვარი ნინო ჩიტაიშვილი, მუსიკალური გაფორმება ალექსანდრა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის, ქორეოგრაფი ანანო სამსონაძე.

სპექტაკლში მონაწილეობენ ანა ზამბახიძე, ნინო ლეჟავა, თამარ ლორთქიფანიძე, ანო მღებრიშვილი, თამარ ტყემალაძე, ეკა შარიქაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ ცქვიტინიძე, ზურაბ ავსაჯანიშვილი, შალვა ანთელავა, მამუკა ბოგვერაძე, ლევან გვაზავა, გიორგი მაისურაძე, რატი ნავაძე, ნიკა ნანიტაშვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე, გიორგი შავგულიძე და გიორგი ჯიქურიძე.

თეატრი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს!