7 ნოემბერი, 2015

ზურა ყიფშიძეს დეზინფორმაციას უვრცელებენ

1Zurab_Kipshidzeსამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არაერთ ცნობილ ადამიანზე გავრცელდა დეზინფორმაცია, მათ შორის აღმოჩნდა თეატრისა და კინოს ვარსკვლავი ზურა ყიფშიძე.

ამჟამად მსახიობი ლევან ანჯაფარიძის ფილმში “ციცინათელები” ერთ-ერთ მთავარ როლზეა დამტკიცებული. სწორედ ლევან ანჯაფარიძის სახელთან არის დაკავშირებული დეზინფორმაცია, რომელიც ზურა ყიფშიძის სახელით ვრცელდება.

51-ე სკოლაში ლევან ანჯაფარიძის ახალი ფილმისთვის ბავშვები ე.წ. ქასთინგზე დაიბარეს. 8 საათზე დაანონსებული კონკურსი 10-ის ნახევრამდეც არ დაიწყო. როგორც შესარჩევი ტურის წარმომადგენლები შეკრებილ მშობლებსა და ბავშვებს განუმარტავდნენ, დაგვიანების მიზეზი ზურა ყიფშიძე იყო, რომელიც პირადად დაესწრებოდა შესარჩევ ტურს და ფილმისთვის საჭირო ბავშვებს შეარჩევდა. საბოლოოდ შეკრებილებს განუცხადეს, რომ ზურა ყიფშიძე ავარიაში მოყვა და მისვლას ვეღარ შეძლებდა.

ლევან ანჯაფარიძის ფილმისთვის შეკრებილ მშობლებს და ბავშვებს განუცხადეს, რომ რადგანაც პატარები მიჩვეულები არ არიან ასეთ ვარსკვლავებთან თამაშს და გამოცდილება არ აქვთ, მათ ტრენინგებს ჩაუტარებს მსახიობი ნინო ხომასურიძე და ამაში 300 ლარის გადახდაა საჭირო. თავდაპირველად კი საჭიროა ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც 25 ლარი ღირს, ამას ემატება 6 თვე მოსამზადებელი კურსების 300-300 ლარი და ბავშვი დამტკიცებულია როლზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მშობლები თაღლითობის მსხვერპლნი ხდებიან. სულ ცოტა ხნის წინ ნინო ხომასურიძემ და რუსკა მაყაშვილმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათი სახელით თაღლითები სარგებლობდნენ.

როგორც ”არტინფოს” ფილმის რეჟისორმა ლევან ანჯაფარიძემ განუცხადა, ფილმისთვის ”ციცინათელები” ბავშვების შერჩევა დასრულებულია და არანაირი ქასტინგები არ ტარდება:

”ესენი არიან ჩვეულებრივი თაღლითები, ამიტომ როგორც კი მსგავსი შემთხვევა კიდევ იქნება, მოვუწოდებ მშობლებს გამოიძახონ პატრული!”