Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უხუცეს მომღერალს ხელოვნების ქურუმი მიანიჭეს

29 ნოემბერი, 2015

1guri-sixarulidzeსაქართველოს უხუცეს მომღერალს ხელოვნების ქურუმი მიანიჭეს. კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო 85 წლის გური სიხარულიძემ ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღო.

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პირადად ეწვია იუბილარ მომღერალს ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში, სადაც კუთვნილი ჯილდო ჩაუტანა.

გური სიხარულიძე სხვადასხვა წლებში მღეროდა ანსამბლებსა და გუნდებში. ის იყო არტემ ერქომაიშვილის მიერ დაარსებული გუნდის წევრი, კულტურის სახლთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წევრი, ვლადიმერ ერქომაიშვილის მიერ დაარსებული ანსამბლის ,,ელესა” წევრი, ანსამბლის ,,ვახტანგური” და ტრიოს ,,შალვა ჩემო” წევრი, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ ტრისტან და გური სიხარულიძეები და მერაბ კალანდაძე. მათ წარმატებით მოიარეს საფრანგეთი, პოლონეთი და ნორვეგია. დღეისათვის ტრიოს გამოცემული აქვს ერთი აუდიო დისკი.

ჯემალ ჭკუასელის სცენარის მიხედვით რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ გადაიღო ფილმი ,,გალობის კვალდაკვალ”, სადაც გური სიხარულიძემ ანტონ დუმბაძის როლი შეასრულა.

გურული სიმღერის ერთ-ერთი უხუცესი შემსრულებელი გური სიხარულიძე ღირსების ორდენის კავალერი და ფოლკლორის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. ფონდმა ,,ქართულმა გალობამ” კი მომღერალს ,,ქართული ხალხური სიმღერის მოამაგის” საპატიო წოდება მიანიჭა.