15 ნოემბერი, 2015

თბილისის საოპერო დასი დახმარებას ითხოვს

1tbilisi-operaზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის საოპერო დასი დახმარებას ითხოვს.
ოპერისა და ბალეტის თეატრის განახლებული შენობა მომავალი წლის იანვარში გაიხსნება, თუმცა მანამდე საოპერო დასი შეზღუდვებზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს.

დასის წევრები პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდნენ და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც მათ წინაშე დგას. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა ნორმალური სამუშაო პირობებია.

ხმაურიან შეხვედრას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების სხდომათა დარბაზში თეატრის პროფკავშირის 75-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ დეტალურად განიხილეს საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, ისაუბრეს თეატრის შინაგანაწესის ცვლილებებზე, შრომის ხელშეკრულებებში შეტანილ ცვლილებებზე, შრომის უსაფრთხოების დაცვასა და ხელშეკრულების დროულად შეთანხმებაზე.

კახაბერ თეთვაძე, პროფკომიტეტის თავმჯდომარე, ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი:

“რემონტის შემდეგ სამუშაო ოთახები არ აქვთ სოლისტებს, ფეხსაცმელი და ტანსაცმელი სარდაფშია. ზოგადად მძიმე სამუშაო პირობები აქვს ტექპერსონალს, გუნდისა და ორკესტრის ტანამშრომლებს. ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია აღშფოთებული დარჩა ნანახით და დასკვნაც შესაბამისი იქნება. თეატრში მიუწვდომელია სამხატვრო საბჭოს დებულება, რის მიხედვით ხელმძღვანელობს ადმინისტრაცია არ ვიცით, იმის ნაცვლად, რომ შემოქმედებით მშვიდი ცხოვრება შეიქმნას არის დაძაბული გარემო. საგრიმიოროები, ორკესტრის ოთახები, ჩამცმელები, არიან სარდაფში და ეს ასე არ შეიძლება. სცენა მესამე სართულზეა, არ მუშაობს ვენტილაცია.”

ელდარ გეწაძე, ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი:

“კარგი სამუშაო პირობები აქვს შექმნილი მხოლოდ ბალეტის დასს. დამლაგებლებს აქვთ დასასვენებელი ოთახი, ცალკე აქვთ სტუმრების მისაღები ოთახი, საოპერო დასი კი ყველანაირად შეიზღუდა.”