26 ნოემბერი, 2015

თბილისის კინოფესტივალი იწყება

1tbilisis-kinofestivaliთბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. კინოფესტივალი 30 ნოემბერს კინოთეატრ “ამირანში” ლევან თუთბერიძის “მოირას” პრემიერით გაიხსნება.

თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ქალთა უფლებებისა და გენდერული დემოკრატიის განვითარებას ეძღვნება.

“ქალთა ხედვა” სექციის ფარგლებში მოეწყობა ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება. ქალი რეჟისორების ნამუშევრები ფესტივალის წლევანდელი გამოშვების სხვა სექციების ფოკუსშიც იქნება. ფესტივალის წლევანდელი რჩეული ფერიც იასამნისფერია, რაც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიის სიმბოლოა.

კინოჩვენებების გარდა, მოეწყობა დისკუსიები ადგილობრივი და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან მოწვეული მომხსენებლების მონაწილეობით – ქალთა უფლებების და ქალის, როგორც საზოგადოებრივად აქტიური ფიგურის გარშემო.

თბილისის კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობს ევროპელი კინორეჟისორების 10 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.
ტრადიციულად საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისორი ვერცხლის პრომეთეთი დაჯილდოვდება.

საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს. ჟიურის თავმჯდომარე ბრიტანელი რეჟისორი მარტა ფაენსია. მხატვრული ფილმის “ონეგინის” რეჟისორი, რომელშიც მთავარ როლებს ლივ ტაილერი და რეჟისორის ძმა – რალფ ფაენსი ასრულებენ.

წელს მესამედ გაიმართება ეროვნულ კონკურსი, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში ტარდება და მასში წინა წლებისგან განსხვავებით, სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულები 3 ნომინაციაში გამოვლინდება – საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ამ კონკურსის ჟიურის წევრები არიან კინომცოდნე და კრიტიკოსი ულრიხ გრეგორი, კინომცოდნე ერიკა გრეგორი და კინოკრიტიკოსი ხოსეინ ეიდიზადე.

თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალს 5 დეკემბერს დიტო ცინცაძის ფილმი “ბედნიერების ღმერთი” დახურავს.