Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საჩუქარი კარლო საკანდელიძეს

16 ნოემბერი, 2015

1karlos teatriრუსთაველის თეატრის მსახიობს კარლო საკანდელიძეს მისი მეგობრები და კოლეგები უკანასკნელ საჩუქარს უმზადებენ.

როგორც “არტინფოს” რუსთაველის თეატრის მსახიობმა ედმონდ აბაშიძე-მინაშვილმა განუცხადა, მსახიობის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, მისი მთავარი ოცნება ასრულდება.

ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი, რუსთაველის თეატრის მსახიობი:

“როცა რუსთაველის თეატრში მივედი, ბატონი კარლო ჯერ კიდევ თეატრში იყო და ორი წლის განმავლობაში მოგვიწია ერთად მუშაობა. რომ გაიგო მეც ვანიდან ვიყავი, ძალიან გაუხარდა. თავის კოლეგებს სულ ეუბნებოდა, ერთ ვანელს ვტოვებ, ისე არ მივდივარ ამ თეატრიდანო.

თავის დროზე ბატონმა კარლომ გაყიდა სახლ-კარი ვანში და ამას მერე მთელი ცხოვრება ნანობდა. სულ მიყვებოდა თავის ბავშვობაზე, საუკეთესო წლებზე. რომ გარდაიცვალა, ხშირად მახსენდებოდა მისი მონაყოლი, მისი დიდი სევდა და გამიჩნდა იდეა, გაგვეხსნა ვანში მისი სახლ-მუზეუმი. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ახალ წლამდე გამოვისყიდით ბატონი კარლოს სახლს და იქ გავხსნით მუზეუმს. ამის პირობა დავდე და აუცილებლად შევასრულებ.

მანამდე კი 17 ნოემბერს ვანის კულტურის სახლში გათამაშდება გოჩა კაპანაძის სპექტაკლი “მოხუცი ჯამბაზები”, რომელშიც თავის დროზე ბატონ კარლოსაც უნდა ეთამაშა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ შეძლო. ჩავიყვან მის კოლეგებს მის მშობლიურ მხარეში, ითამაშებენ ერთ-ერთ საუკეთესო სპექტაკლს, ვანის კულტურის სახლს კი კარლო საკანდელიძის სახელი მიენიჭება. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ნაჩვენები იქნება 25 წუთიანი ფილმი მასზე, შემდეგ კი გამომსვლელები ისაუბრებენ და ოფიციალურად გაიხსნება კარლო საკანდელიძის სახელობის თეატრი.

სიმბოლურია ისიც, რომ ხვალ გალაკტიონობაა, სახალხო დღესასწაულები დაიწყება ჭყვიშში და გაგრძელდება ვანის სახალხო თეატრში, რომელსაც კარლო საკანდელიძის სახელი მიენიჭება.”