24 ნოემბერი, 2015

რუსთაველის პრემია გივი ბერიკაშვილს

1givi-berikashvilis-premiaგივი ბერიკაშვილს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიანიჭეს. დაჯილდოების ცერემონიალი მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მსახიობს უმაღლესი ჯილდო მრავალწლიანი ნაყოფიერი, შემოქმედებითი მოღვაწეობისა და თეატრსა და კინოში შექმნილი გამორჩეული სახეებისთვის გადაეცა.

საქართველოს ეროვნული პრემიები ხელოვნების დარგში მიენიჭათ:

მწერალ ივანე ჩხიკვაძეს – ბოლო წლებში შექმნილი საუკეთესო პროზაული და პოეტური ნაწარმოებებისა და თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;

მუსიკათმცოდნე ნანა ქავთარაძეს – სამუსიკათმცოდნეო წერილების კრებულისთვის „ო, უძლეველო დიდო წამო შემოქმედების“;

მხატვარ ჯემალ კუხალაშვილს – ბოლო წლებში შექმნილი მაღალმხატვრული ფერწერული ნამუშევრებისა და თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;

მეცნიერების დარგში საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები გახდნენ:

ფილოლოგი ენრიკო გაბიძაშვილი – ფილოლოგიურ-ბიბლიოგრაფიული ნაშრომისთვის „ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები“;

ფიზიკოსები ვახტანგ გოგოხია და ავთანდილ შურღაია – სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის „ველის კვანტური თეორიის ძირითადი მდგომარეობის ტოპოლოგიური და დინამიკური სტრუქტურა“;

ექიმი-რადიოლოგი ქეთევან ლაშხი, ექიმი-რადიოლოგი ქეთინო ტორონჯაძე, ექიმი-ენდოსკოპისტი მამუკა გურგენიძე და ექიმი-ენდოსკოპისტი თეიმურაზ იოსელიანი – სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის „ჰეპატოპანკრეატოდუოდენური ზონის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობის სტრატეგია თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიების განვითარების პირობებში“;

ექიმი-პედიატრი ივანე ჩხაიძე, ექიმი-პულმონოლოგი თამაზ მაღლაკელიძე, ბავშვთა ქირურგი პაატა გვეტაძე, ექიმი-პულმონოლოგი თამაზ ლობჟანიძე – სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის „რესპირაციული მედიცინა 21-ე საუკუნის დასაწყისში“.