13 ნოემბერი, 2015

როგორ გამოიყურებოდა უძველესი ადამიანი?

1dmanisis-tavis-qalaროგორ გამოიყურებოდა უძველესი ადამიანი? – ამ კითხვაზე პასუხს ნებისმიერი დაინტერესებული პირი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში მიიღებს, სადაც ცნობილი ამერიკელი პალეო-არტისტი, ჯონ ანტონი გურჩი დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალის მიხედვით შექმნილი ქანდაკების საზეიმო პრეზენტაციას გამართავს.

ქანდაკება ზუსტი მეცნიერული ასახვაა იმისა, თუ როგორ გამოიყურებოდა მილიონ 800 ათასი წლის წინ უძველესი ადამიანი. აღნიშნული თავის ქალა პირველია, რომლის მიხედვითაც მეცნიერებს შეუძლიათ აქამდე უცნობი ადრეული ადამიანის ანატომიის შესწავლა (თავის ქალის ტვინის მოცულობა დმანისელებს შორის ყველაზე მცირეა (546 სმ3), რაც დაახლოებით თანამედროვე ადამიანის ტვინის ერთი მესამედია. მას ყველაზე მასიური, წინ წამოწეული სახე და დიდი კბილები აქვს).

ეს ნიმუში ზრდასრული ინდივიდის ერთადერთი საუკეთესოდ შემონახული თავის ქალაა. დმანისის კოლექცია მეცნიერებს პირველად აძლევს საშუალებას დააკვირდნენ და შეისწავლონ 1.8 მილიონი წლის წინანდელი პოპულაცია.

ინფორმაცია დმანისის აღმოჩენების შესახებ არაერთხელ ყოფილა გაშუქებული მსოფლიოს სამეცნიერო და პოპულარულ გამოცემებში.

2013 წელს Science-ში დაიბეჭდა სტატია ,,სრული თავის ქალა დმანისიდან და ადრეული ჰომოსევოლუციური ბიოლოგია”. სტატიის თანაავტორები ქართველი მეცნიერები დავით ლორთქიფანიძე, აბესალომ ვეკუა და ანი მარგველაშვილი არიან.

2000 წლის მსოფლიოს ათ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ აღმოჩენათა შორის დმანისის პალეოანთროპოლოგიური მონაპოვარი მესამე ადგილზე იქნა დასახელებული.

პალეო-არტისტი ჯონ გურჩი გამოირჩევა თავისი ნამუშევრების სამეცნიერო სიზუსტითა და რეალისტური ასახვით. პალეონტოლოგიასა და ანთროპოლოგიაში მიღებული აკადემიური გამოცდილებით. გურჩის ნამუშევრები უკავშირდება რამდენიმე მიმდინარე კვლევას, მათ შორის პრიმატების ანატომიასა და განამარხების კოლექციებს მსოფლიო მასშტაბით. ჯონ გურჩის ნამუშევრები წარმოდგენილია სმითსონიანის (აშშ), ჩიკაგოსა და ამერიკის ბუნებისისტორიის მუზეუმებში. მის მიერ შექმნილი რეკონსტრუქციები არაერთხელ ყოფილა ნაჩვენები National Geographic-ის, სმითსონიანის და BBC-ს დოკუმენტურ ფილმებში. ჯონ გურჩის მიერაა შექმნილი ნამუშევრები ცნობილი ფილმისათვის ,,იურული პერიოდის პარკი”.

ქანდაკება დამზადდა და მისი საქართველოში ტრანსპორტირება განხორციელდა კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით. კომპანია დაარსების დღიდან საგანმანათლებლო და შემეცნებით ინიციატივებს მხარს აქტიურად უჭერს.

ჯონ ანტონი გურჩის მიერ შექმნილი ქანდაკების საზეიმო პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში 14 ნოემბერს გაიმართება.