4 ნოემბერი, 2015

რის გამო აკრიტიკებენ ბუბა კიკაბიძეს?

1bubas-kritikaმომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია. რუსული გამოცემა “экспресс газета” ქართველ ხელოვანთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.

წერილის ავტორი მიხაილ ფილიმონოვი თავის წერილს ასე იწყებს:

“ქართველმა მომღერალმა და მსახიობმა ვახტანგ კიკაბიძემ გიორგი დანელიას ფილმებით „არ დაიდარდო”, „მიმინო”, მთელ საბჭოთა კავშირს შეაყვარა თავი, თუმცა აგერ უკვე შვიდი წელია უარს ამბობს რუსეთში გამოსვლებსა და გადაღებებზე. რაში გაცვალა რუსი თაყვანისმცემლებით გადაჭედილი დარბაზები, რომელთაც ძველებურად უყვართ? პასუხი ახლახან ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეორგოლმა გაგვცა, რომელზეც ბატონი ვახტანგი თავის ცნობილ ჰიტებს, კიევში ქუჩის მუსიკოსების აკომპანემენტით ლევ ტოლსტოის სახელობის მეტროს სადგურთან ასრულებს.”

მიხაილ ფილიმონოვი ბუბა კიკაბიძის მუსიკალურ და მსახიობურ ნიჭზე საუბრის მიუხედავად, ვერ ასცდა პოლიტიკურ საკითხებსაც.

– ბუბა კიკაბიძე უკრაინაში, თავისი ბატონის, ამერიკელების ხელდასხმული მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩავიდა. ამერიკელების დაკრულზე ცეკვა კიკაბიძემ ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, მაშინ ნაციონალისტური ორგანიზაცია „მხედრიონის” ყაჩაღებთან ერთად, საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობდა. ეს ორგანიზაცია კანონიერმა ქურდმა ჯაბა იოსელიანმა და ამერიკელთა გავლენის აგენტმა გენადი ბურბულისმა შექმნეს.

გამსახურდიას ერთ-ერთი მომხრის, იბერო-კავკასიური მოძრაობის თავმჯდომარის ბესარიონ მიქავას მტკიცებით, ბუბა იყო იმ მხედრიონელთა რიგებში, რომლებმაც 1992წლის 3 იანვარს მეტროს სადგურ „დიდუბესთან” მშვიდობიანი მომიტინგეები ჩაცხრილეს. სახეები შავი სახვევით ჰქონდათ დამალული, თუმცა, ერთმა დემონსტრანტმა ნიღაბი ჩამოგლიჯა მომღერალს და ასე ამხილა.

როდესაც საქართველოში ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა, კიკაბიძემ მხურვალედ დაუჭირა მხარი, ამბობდა, ღმერთმა გამოგვიგზავნა მიშაო. სინამდვილეში, ეს დესპოტი, საქართველოში აშშ-ის ხელისუფლებამ ჩანერგა სომხური წარმოშობის მილიონერის კირკ კერკორიანის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც სომხურ ინტერესებს ლობირებს.
და რა გაუკეთა კარგი სააკაშვილმა საქართველოს? მის დროს ხელისუფლებაში დარჩა ბევრი მხედრიონელი: ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, კულტურის მინისტრი ნიკა რურუა, და ა.შ. ფორმალურად ებრძოდნენ კრიმინალს, მაგრამ ეს არ უშლიდა ხელს კიკაბიძეს, მოსკოვში რესტორან „არ დაიდარდოს” ხელმძღვანელი ყოფილიყო, რომელიც კანონიერ ქურდებს ეკუთვნოდა. არსებობს რესტორანში გადაღებული ფოტოები, სადაც ბუბა ხელგადახვეული პოზირებს „კოსტია მოგილასთან” (კონსტანინ იაკოვლევი), „დედ ჰასანთან” (ასლან უსოიანი) და სხვა დამნაშავე ავტორიტეტებთან. ამგვარი ურთიერთობისთვის, სააკაშვილის მიერ მიღებული კანონებით, ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ ბუბაზე ეს კანონი რატომღაც არ ვრცელდებოდა.

კოლეგებთან ურთიერთობებშიც არ იყო მისი საქციელი ყოველთვის ღირსეული. ერთხელ „ვია-75″-ის სოლისტ ბესო კალანდაძესთან საუბარში ასეთი რამ მოვისმინე: „ეგ ხომ კაცი არ არის.” ადრე ისინი მეგობრობდნენ, ერთხელ ყალბი ბრალდებით ბესო დააპატიმრეს. ბუბა კი მის ცოლთან მივიდა და მის სახლში დასახლდა. ქართული წესით, როცა ოჯახის უფროსი შინ არ არის, სხვა კაცს იქ არაფერი ესაქმება. ერთხელ „როსიას” საკონცერტო დარბაზში შევხვდი და პირში მივახალე, რასაც მასზე ვფიქრობდი, არ შემკამათებია და საგრიმიოროში გაიქცა. უბრალოდ, სათქმელიც არაფერი ჰქონდა.

ახლა კიკაბიძე ლანძღავს რუსეთს, სადაც წლების მანძილზე გვარიან ფულს იღებდა კონცერტებში. საქართველოს ოკუპაციაში ადანაშაულებს, ამავე დროს სიამოვნებით მღერის თურქეთში, რომელმაც რამდენიმე საუკუნის წინ მიისაკუთრა საქართველოს ულამაზესი კუთხე ტაო-კლარჯეთი, რომლის აღორძინებაშიც მისმა წინაპარმა ბაგრატიონებმა ულევი სისხლი ჩააქციეს. რატომ არ ეძახის თურქებს ოკუპანტებს? თუ ვაშინგტონელი ბიძიები უკრძალავენ? თურქეთი წლების მანძილზე ცდილობდა საქართველოს გამაჰმადიანებას და თუ სიმართლე გინდათ, სწორედ რუსეთმა იხსნა ამისგან, – განაცხადა ქართველმა უფლებადამცველმა ზაზა გაბედავამ.

როდესაც წერილის ავტორი ბუბა კიკაბიძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა, შეუძლოდ ვარო, განუცხადა და ყურმილი დაკიდა. მისი დაცვა პროდიუსერმა პროგოჟინმა ითავა:

– კიკაბიძე საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტია, უკვე 77 წლისაა და უფლება აქვს, რაც უნდა, ის აკეთოს. შესაძლოა, მის პოზიციას არ ვიზიარებდე, მაგრამ ვფიქრობ, ამ ასაკის ადამიანის გაკიცხვა ჩემს კომპეტენციაში არ შედის. 1995 წელს გავიცანი, საქართველოში მძიმე მდგომარეობა იყო, ვახტანგს პურის ფულიც არ ჰქონდა, მაშინ შევთავაზე რუსეთში კონცერტების გამართვა. რამდენიმე წელი ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ, ჩემი ქალიშვილიც კი მონათლა.
2008 წლის სამხრეთ ოსეთის მოვლენების შემდეგ, კიკაბიძეს რაღაც დაემართა, იქნებ უჭკუო პოლიტიკოსების პროპაგანდის მსხვერპლია? მაშინ დავურეკე და ვუთხარი: „ბუბა, ძალიან მიყვარხარ და პატივს გცემ. არ მინდა, აზრთა სხვადასხვაობამ ჩვენს მეგობრობაზე იმოქმედოს.”

როდესაც მე და ვალერია პუტინის მხარდაჭერის გამო უკრაინაში ანათემას გადაგვცეს, გგონიათ, ჩემმა მეგობარმა და ნათელ-მირონმა დამიცვა? არა, გაჩუმება არჩია, ჰოდა, ჯანდაბამდე გზა ჰქონია! იაროს თვითონ უკრაინაში და უნდა მეტროს სადგურებთან და უნდა მატარებლის ვაგონებში იმღეროს! ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს!