3 ნოემბერი, 2015

რატი ამაღლობელი: ,,ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ’’

1rati-amagobeliპოეტი რატი ამაღლობელი სახელოფნებო სფეროში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და თავის პოზიციას ღიად აფიქსირებს.

რატი ამაღლობელი:

“ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, ან ვებრძვით ჩვენთვის მიუღებელ ნაწარმოებებს; ლიტერატურულს, მხატვრულს, ფერწერულს, მუსიკალურს და ა.შ.

ვგმობთ, ვქოლავთ, ახალგაზრდა მწერლებს, მხატვრებს, მუსიკოსებს და “ვიცავთ სიწმინდეებს”, შინაგანად ვიყინებით მკვდარ და მზა კლიშეებში, გვაშინებს ყველაფერი ახალი და გვემართება “ელეთ-ბნელეთი”, ვკეტავთ ქვეყანას და ვხდებით ირანი, რადგან ახლო სამეზობლოში ყველაზე მეტი ლტოლვილი ხელოვანი თუ არ ვცდები სწორედ ამ ქვეყანიდანაა, თუ ვცდები – გამისწორეთ.

ანდა მარტივად ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში არის გამოთქმის და გამოხატვის თავისუფლება, რომ მხატვარს, მწერალს, მომღერალს შეუძლია რაც უნდა ის ხატოს, წეროს, იმღეროს, რომ ამის გამო ჩვენს ქვეყანაში არ გამოაცხადებენ მათ მოღალატეებად, შეჩვენებულებად, და მათკენ არ წამოვა ზიზღის, სიძულვილისა და აგრესიის სიცოცხლისთვის საშიში ნიაღვარი.

მე მგონია უკვე უნდა ავირჩიოთ ამ ორიდან ერთი.

მე ვირჩევ გამოხატვისა და განსაკუთრებით ხელოვანის შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებას. ის (თავისუფლება) ან არის, ან არ არის.

ვინ უწესებს მას ნორმებს და სტანდარტებს, საკუთარი შინაგანი სინდისის ხმის გარდა – ვერავინ.

ასე რომ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქრისტიანობამ კაცობრიობას, ისტორიას და კონკრეტულ ადამიანს მოუტანა, ესაა: აზრის, ფიქრის, არჩევანის თავისუფლება, თავისუფლება ადამიანების სასარგებლოდ და არა ინსტიტუტების, ინსტიტუტების, რომლებიც ვერც ადამიანს და ვერც ადამიანში მაცხოვარს ხედავენ და მუდმივად სასიკვდილოდ იმეტებენ მას, როგორც “სიწმინდეების შემლახველს, ხელმყოფს”, განა ზუსტად ეს მიზეზი არ იყო, რის გამოც კაიფა და მთელი მისი “მრევლი” ითხოვდა მაცხოვრის გასამართლებას და აკი მიაღწიეს კიდეც მიზანს. განა დღესაც ყოველ ნაბიჯზე იგივე არ ხდება?”