13 ნოემბერი, 2015

ქართველმა მწერალმა გერმანიის ლიტერატურული პრემია მოიგო

1nino-xaratishviliქართველმა დრამატურგმა, პროზაიკოსმა და რეჟისორმა გერმანიის ხელოვნებაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია მოიგო. ინფორმაციას გერმანული გამოცემა welt.de ავრცელებს.

გერმანიის კულტურაში დაწესებული პრემია, რომელიც ცნობილი მწერლის ანა ზეგერსის სახელობისაა, ყოველწლიურად გაიცემა. წელს ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი, ანა ზეგერსის ფონდის გადაწყვეტილებით, 32 წლის ქართველი შემოქმედი ნინო ხარატიშვილი გახდა, რომელიც წლებია გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

ფონდის მიერ დაწესებული პრემიის გაცემა ყოველწლიური ტრადიციაა და მისი მფლობელები ხდებიან ლიტერატორები ლათინური ამერიკიდან და გერმანიიდან. ბოლო ორი წლის განმავლობაში პრემია ფონდს არ გაუცია. ამის მიზეზი გერმანიის ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობა და ფინანსური პრობლემები გახდა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 19 ნოემბერს ბერლინში, ხელოვნების აკადემიაში გაიმართება. ნინო ხარატიშვილი წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის 8000 ევროს მიიღებს.