ქართველი მხატვრის მსოფლიო აღიარება

1dr-loveქუჩის მხატვრობა სულ უფრო და უფრო ვითარდება მსოფლიოში. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ბრაზილიურმა ვებ გვერდმა Mega Curioso ქართველი ხელოვანის შემოქმედება საუკეთესოდ დაასახელა და მის ნამუშევრებს მსოფლიო დონის შედევრები უწოდა.

ბრაზილიური ვებ გვერდის მიერ შედგენილ ტოპ ათეულში Dr. Love-ის ნამუშევარი მესამე ადგილს იკავებს.

Dr. Love ანუ ბაჩა ხოფერია – ასე ჰქვია საქართველოს ერთ-ერთ უნიჭიერეს მხატვარს – ქუჩის არტისტს, რომელიც თავის გამორჩეულ კვალს ტოვებს დიდ ბრიტანეთში.

მისი ნამუშევრები დღითიდღე პოპულარული ხდება მსოფლიოში ცნობილ კულტურულ ვებგვერდებზე. ქართველი ხელოვანის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ ვებგვერდები ქუჩის ხელოვნების შესახებ და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ბაჩა ხოფერიას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია პაციენტი, რომელიც საჭირო ჟანგბადს ხისგან იღებს. იმისთვის, რომ მისი შემოქმედება კიდევ უფრო მეტად ყოფილიყო მიახლოებული რეალობასთან, ხელოვანმა ხის სიმწვანის მეტი ეფექტისთვის ხავსი გამოიყენა. ბრისტოლში ჩატარებულ სამდღიან ქუჩის ხელოვნების ფესტივალზე Dr. Love-ის ნამუშევარმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

Dr. Love-ის შემოქმედება საქართველოში თბილისისა და ბათუმის ქუჩებშია აღბეჭდილი.