26 ნოემბერი, 2015

ქართული ფილმი ამსტერდამის კინოფესტივალის გამარჯვებულია

1amsterdamis-filmiამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი წარმატებული აღმოჩნდა ქართველებისთვის. მასში რამდენიმე ქართულმა პროექტმა მიიღო მონაწილეობა.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა ფილმი “როცა დედამიწა მსუბუქია”. მისი რეჟისორები არიან სალომე მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე, დავით მესხი. პროდიუსერი ზაზა რუსაძე. მათი ნამუშევარი ფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის ჯილდოს მფლობელი გახდა!

კონკურსში მონაწილეობა მიიღო უგის ოლტეს ნამუშევარმა “ორმაგი უცხოები”, რომელიც ქართულ-ლატვიური კოპროდუქციაა.

ცირა გვასალიამ პროექტით “ოთახები” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ 80 ახალგაზრდა დოკუმენტალისტთან ერთად მიიღო მონაწილეობა ფორუმში IDFAacademy, რომლის ფარგლებშიც ვორქშოპები და მასტერკლასები მოეწყო.

500 პროექტს შორის ამოარჩიეს რატი ონელის “მზის ქალაქი”, რომელიც დახურულ ექსკლუზიურ ფორმატში Round Table Pitch წარსდგა, რაც დაინტერესებული პირებისთვის (სელექტორები, აგენტები) პროექტის წარდგენას გულისხმობს.

თომა ჩაგელიშვილის პროექტი “ბერლინის ახალი კედელი” ფესტივალის მარკეტზე მიიწვიეს. პროექტი სარაევოს კინოფესტივალზე ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის პრიზით დაჯილდოვდა, რასაც მარკეტზე მიწვევა მოჰყვა.

ფესტივალის მარკეტზე Docs for sale მონაწილეობა მიიღო ნინო გოგუას დოკუმენტურმა ფილმმა “მადონა”, რომელიც ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ჩეხეთის დოკუმენტური ფილმების ინსტიტუტის მიწვევით მოხვდა. ფილმი ფესტივალის მარკეტის ონლაინ ბაზაში 2 წლის განმავლობაში იქნება, რაც კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს მისი ნახვის საშუალებას მისცემს.

ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მსოფლიოში დოკუმენტური ფილმების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კინოფესტივალად არის აღიარებული, რომელიც 1988 წლიდან ამსტერდამში იმართება.

2012 წელს თინათინ გურჩიანი პირველი ქართველი რეჟისორი გახდა, რომელიც ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე მოხვდა. მისი ფილმი “მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს” საკონკურსო პროგრამაში იყო წარდგენილი. 2015 წელს კი თინათინის მორიგი პროექტი “სატრფიალო. პასტორალი” ფესტივალის ფონდმა IDFA Bertha Fund დააფინანსა.

წელს ფესტივალის ორგანიზატირებმა სადებიუტო ნამუშევრებიდან ქართველი რეჟისორების ფილმი “როცა დედამიწა მსუბუქია” გამოარჩიეს და საუკეთესოდ აღიარეს.

1qartuli-filmi-amsterdamis-gamarjvebuli