Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართული კინო ტალინის კინოფესტივალის ფოკუსშია

11 ნოემბერი, 2015

1taliniსაქართველო და ქართული კინო ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფოკუსშია.
წელს ტალინის ბნელი ღამეების მე-19 კინოფესტივალის განსაკუთრებული სტუმარი საქართველოა. ესტონეთი ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს, რომელმაც შარშან ა კლასის ფესტივალის სტატუსი მოიპოვა.

ფესტივალის მთავარ კონკურსში ვანო ბურდულის „გაყინული შადრევნების წელიწადი” მონაწილეობს. სწორედ ტალინში შედგება ფილმის მსოფლიო პრემიერა.

ფესტივალის ფოკუსში ექცევა ქართული ფილმები, როგორც ბოლო წლების წარმატებული ნამუშევრები, ისე კინოკლასიკა.

13 ნოემბერს, ფესტივალს გახსნის კოტე მიქაბერიძის უხმო ფილმი „ჩემი ბებია”, ჩვენებას მუსიკალურად გააფორმებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. გახსნის შემდეგ, ფესტივალზე გაიმართება სპეციალური მიღება. ფესტივალთან წლებია აქტიურად თანამშრომლობს ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს სელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში.

16 ნოემბერს დაგეგმილია პრესკონფერენცია ქართულ პროგრამასთან დაკავშირებით.
ქართული ფილმების რეტროსპექტივას ოთარ იოსელიანის ბოლო ფილმი „ზამთრის სიმღერა” გახსნის. ფოკუსის პროგრამაში შედის 13 ქართული ფილმი კოტე მიქაბერიძის “ჩემი ბებია”, გიორგი შენგელაიას “ფიროსმანი”, თენგიზ აბულაძის “ნატვრის ხე” და “მონანიება”, ელდარ შენგელაიას “ცისფერი მთები”, ნანა ჯანელიძის “იავნანა”, ზაზა ურუშაძის “სამი სახლი”, გიორგი ოვაშვილის “გაღმა ნაპირი”, თინა გურჩიანის “მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს”, ლევან კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნები”, თინათინ ყაჯრიშვილის “პატარძლები” და ლაშა ცქვიტინიძის “მე ვარ ბესო”.

ფესტივალს დაესწრება ქართული დელეგაცია კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ნანა ჯანელიძის, რეჟისორების ზაზა ურუშაძის, ვანო ბურდულის, თინათინ ყაჯრიშვილის, გიორგი ოვაშვილის შემადგენლობით. ამავე დროს გიორგი ოვაშვილი ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრია.

ქართული ანიმაცია ფესტივალზე სპეციალურ, ექსკლუზიურ პროგრამაში იქნება წარმოდგენილი. ტალინში 1981-2011 წლებში შექმნილ ქართულ ანიმაციურ ფილმებს აჩვენებენ.

ტალინში სტუდენტური ფილმების სპეციალური ფოკუსი და რეტროსპექტივაც იგეგმება. ნაჩვენები იქნება საქართველოს კინოს და თეატრის უნივერსიტეტის პირველი თაობის გამოშვებიდან დღემდე 5 ფილმი, (პრეზენტატორი დათო ჯანელიძე). ფესტივალის კონკურსში მონაწილეობს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტის სალომე ვეფხვაძის “მე, მამა და ისინი”, რომელიც ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებულია. ამ ფილმმა უკვე მოიპოვა წელს ორი საერთაშორისო მთავარი პრიზი.

ტალინის ბნელი ღამეების რიგით მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 13-29 ნოემბერს გაიმართება.