10 ნოემბერი, 2015

მსოფლიო მოაზროვნეები თბილისში ჩამოდიან

1msoflio-chempionatiმსოფლიოში ცნობილი მოაზროვნეები თბილისში ჩამოდიან. დედაქალაქს ესტუმრებიან მოაზროვნეები ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, აშშ-დან, ბელარუსიდან, ბულგარეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესტონეთიდან, თურქმენეთიდან, ისრაელიდან, კანადიდან, ლატვიიდან, ლიტვადან, მოლდოვადან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან, ფინეთიდან, ყაზახეთიდან, შვეიცარიიდან, ჩეხეთიდან.

ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” მსოფლიოს ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. რიგით მე-13 ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 25 ქვეყნის 60 გუნდი.

12-15 ნოემბერს თბილისში მოეწყობა ყველაზე წარმომადგენლობითი და მასშტაბური ღონისძიება მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. აქამდე ჩატარებულ ფორუმებზე ჯერ არასოდეს ჩასულა ამდენი ქვეყნის გუნდი. საქართველო პირველად უმასპინძლებს ასეთი დონის ინტელექტუალურ მოვლენას.

მსოფლიო ჩემპიონატის თილისმის, ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი “მოაზროვნე ბუს” ავტორია, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ია მეტრეველი.

მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი 2002 წელს ბაქოში გაიმართა და მას შემდეგ აზერბაიჯანის, რუსეთის, ისრაელის, უკრაინისა და თურქეთის ქალაქები მასპინძლობდნენ. 2012 წლის შემოდგომაზე “რა? სად? როდის?” კლუბების საერთაშორისო ასოციაციამ მსოფლიოს მე-13 ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველოს დედაქალაქს მიანიჭა.

მე-13 მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ ჩამოვა მსოფლიოს ყველა უძლიერესი მოაზროვნე, ალექსანდრ დრუზი, მაქსიმ პოტაშევი, ილია ნოვიკოვი, ბალაშ კასუმოვი, ილია ბერი, ელენა პოტანინა და სხვა. ჩემპიონატს დაესწრება “რა? სად? როდის?” კლუბების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ანდრეი კოზლოვი.

საქართველოს ღირსებას ოთხი გუნდი დაიცავს: დავით რაფავას, ბესიკ ბუთურიშვილის, დავით სიჭინავასა და ალექსანდრე თარხან-მოურავის ექვსეულები. რაფავას ექვსეული უკვე ორჯერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 2012 და 2014 წლებში, თუმცა პრიზიორებში მოხვედრა დღემდე რჩება ქართველი მოაზროვნეების ძირითად მიზნად.

ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” გარდა, ღონისძიების პროგრამაშია გახსნითი ტურნირი “მზის და ვარდების მხარეო”, სადაც შეკითხვების თემატიკა საქართველო და თბილისია და მასში მხოლოდ უცხოელი მოაზროვნეები მიიღებენ მონაწილეობას.

პროფესიონალთა თამაშების პარალელურად, ამავე თარიღებში თბილისში თამაშის “რა? სად? როდის?” მოყვარულთა მესამე მსოფლიო ჩემპიონატიც გაიმართება და მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლება. სულ თბილისს 1000-ზე მეტი მოაზროვნე და თამაშის მოყვარული ეწვევა.