20 ნოემბერი, 2015

კახა კუხიანიძე: ,,აღარ მინდა!’’

1kaxa-kuxianidze“აღარ მინდა!” – ასეთ განცხადებას აკეთებს მომღერალი კახა კუხიანიძე, რომელიც 10 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა მსმენელს.

მომღერალმა ახლახანს ახალი ვიდეორგოლი გადაიღო და მას “ამ გულს” უწოდა.

“პაუზა დასრულებულია და დავბრუნდი,” – განაცხადა კახამ და ეს დაპირება შეასრულა კიდეც.

მომღერალმა ერთთვიანი ინტერვალით მეორე ვიდეორგოლიც გადაიღო. ის კიშიონიოვში, საპროდიუსერო კომპანიის მიწვევით იმყოფებოდა. კლიპის გადაღება და მონტაჟი დასრულებულია, მის ნახვას კი საზოგადოება რამდენიმე დღეში შეძლებს.

კახა კუხიანიძე:

“მიწვეული გახლდით მოლდავეთში, კიშინიოვში, სადაც „moldstar production“-მა ვიდეორგოლი გადამიღო. მათ გაუკეთეს ორგანიზება ყველა დეტალს. პროდაქშენის მთავარი კლიპმეიკერი გახლავთ ივა ევიჩი, რომელსაც უამრავ უცხოელ ვარსკვლავთან უმუშავია ამ მხრივ. მისი ნამუშევრების ნახვის შემდეგ, გადავწყვიტე, მისთვის მიმენდო ახალი კლიპის გადაღება. ვიდეორგოლის იდეაზე, სცენარზე და რეჟისურაზე მან იმუშავა, დაგეგმილი გვაქვს ერთობლივი მუშაობის გაგრძელება, ჩემს ახალ ალბომსა და სიმღერებს ვგულისხმობ.

კლიპში ჩემი მუზა და პარტნიორია ელექტროჰაუსის და პოპ დენსის ცნობილი შემსრულებელი, პოპულარული მომღერალი ELLIZ. სიმღერისა და არანჟირების ავტორი გახლავთ ალეკო ბერძენიშვილი, ტექსტის ავტორი – მარიამ პავლიაშვილი. სახელწოდებაა „აღარ მინდა“. ჩავწერე „ბრავო რექორდსში“.

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც კლიპსა და სიმღერაზე იმუშავა. ჩემი ვიდეორგოლი „ამ გულს“ ერთი თვის წინ გამოვიდა, ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთი ახალი კლიპის გადაღება შევძელი. არ გავჩერდები და მსმენელს კიდევ უამრავი სიახლით გავანებივრებ. ყველა შემოქმედ ადამიანს მინდა ვუსურვო წინსვლა.”