17 ნოემბერი, 2015

ჯაზის ლეგენდა თბილისის ბიგ-ბენდთან იმღერებს

1big-bandთბილისის მერიის ბიგ-ბენდი მინსკის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზე მიემგზავრება. ბიგ-ბენდი მინსკში სპეციალური პროგრამით ჩადის. კონცერტზე შესრულდება საორკესტრო და ვოკალური ჯაზური კომპოზიციები. ფესტივალის ორგანიზატორების მოთხოვნით ბენდს ქართული პროგრამაც მიაქვს. სოლისტები კი ორიგინალურ ქართულ სამოსში იქნებიან გამოწყობილები.

ბიგ ბენდთან ერთად ბელორუსში ვოკალური ჯაზის ლეგენდა მიშელ ჰენდრიქსი იმღერებს. მისი კარიერა ლეგენდარული  მამის ჯონი ჰენდრიქსის გრანდიოზულ პროექტებში დაიწყო. 80-იან წლებში მიშელი აქტიურად გამოდიოდა სცენაზე მამასთან ერთად. სხვადასხვა წლებში მას ნამღერი აქვს ლეგენდარულ მუსიკოსებთან  ჯორჯ ბენსონთან, ბენ კარტერთან,  ელ ჯეროსთან, ბობი მაკფერენთან, მანჰეტენ ტრანსფერთან.

ამერიკელი მომღერალი ქართულ ორკესტრთან ერთად ექვს სიმღერას შეასრულებს. თბილისის მერიის ბიგ ბენდი ბელორუსში ჯაზის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალზეა მიწვეული.

მინსკის საერთაშორისო ჯაზფესტივალი წელს მეოთხედ 19-21 ნოემბერს იმართება და მასში მონაწილეობენ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ამერიკიდან, იტალიიდან, კუბიდან და ნიდერლანდებიდან.

თბილისის ბიგ-ბენდის კონცერტები მინსკში 19 და 20 ნოემბერს გაიმართება.