Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დაპირისპირება გოდერძი ჩოხელის პრემიის გამო

4 ნოემბერი, 2015

1goderdzi-choxeliგოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „ერთგულება” გასულ წელს დაარსდა და კონკურსის მიერ დაწესებული პრემია მინიატურის ჟანრში გაიცემა.

კონკურსს „ფონდი კულტურათა დიალოგი” და მისი დამაარსებელი ირმა სანაძე ატარებს. წელს არსებობდა საშიშროება, რომ კონკურსი სხვადასხვა პრობლემების გამო, საერთოდ ვერ ჩატარებულიყო. საბოლოოდ პრობლემები მოგვარდა, მაგრამ დაპირისპირება მაინც გარდაუვალი გახდა.

როგორც ფონდის ხელმძღვანელი აღნიშნავს, მან მერიის კულტურის საქალაქო სამსახურს მიმართა, რათა გოდერძი ჩოხელის სახელობის კონკურსში დახმარებოდა, მაგრამ მის მიმართვას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. თავის მხრივ, მერიის კულტურის საქალაქო სამსახური განმარტავს, რომ ირმა სანაძეს მათთვის არ მიუმართავს.

ირმა სანაძე:

„ჩემო ძალიან საყვარლებო, მე „დარმაედი”, არსადმომუშავე უპარტიო, გუშინ ვიჯექი, ჩემს ფბ-გვერდზე ვწერდი მეგობრებს და ვუხდიდი მადლობას. ბოლოს, პაწა გავუწკაპუნე უყურადღებობის გამო მერიის კულტურის მუშაკ შეფ-ქალბატონს (ვუწოდე გოიმი, კულტურასთან მწყრალადმყოფი და მოცეკვავე ოფოფი). ჰოდა, ატყდა, მაგრამ რა ატყდა… მირეკეს შუამავლებმა, რომ წამეშალა, თან მამუნათებდნენ – კაი გოგოაო, კეთილიო. თანო, (შეფს უთქვამს), ირმას არაფერი უთხოვიაო და რა მიზნები ამოძრავებს, საინტერესოაო… დღის ბოლოს, ბოდიშის არმოხდის მერე, მერიამ მომცხო სპეციალური განცხადება. ხალხო, მეე, მედიასახლისს მიპასუხა ოფიციალური განცხადებით და კიდე უკვირს, რატომ შევამკე ამ სიტყვებით.

მოკლედ, ჩვენი ამბავი ასე იყო – შევხვდი ამ ქალბატონს ხევსურეთში, ქმრის ღონისძიებაზე იყო ჩამოსეირნებული. მივედი და მოვუყევი ამ ჩვენს ლიტ. კონკურსზე და ვთხოვე, მერია რომელიმე სეგმენტში დაგვხმარებოდა (მე – არა, კონკურსს). კიო, მითხრა, პრიზებს დავაწესებთო და სხვა რაღაცეებიც შეგვიძლიაო. გავცვალეთ ნომრები, ჩამოვედი და რამდენიმე დღეში დავურეკე. მიპასუხა, შეხვედრა ვთხოვე. დაგირეკავენო და აღარასოდეს დამირეკეს, აღარასოდეს მიპასუხა. ამ რეკვაში მოვიდა სექტემბერი და ჩემს უფროს მეგობარს და ძალიან პატივსაცემ ადამიანს ვთხოვე, უთხარი რა, ან მნახოს, ან ტელეფონზე მიპასუხოს-თქო. ამ ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა გადმომირეკა, მიდი დაურეკეო. ვურეკავ და ვეუბნები, ეს ვარ-თქო, კონკურსზე რომ გელაპარაკეთ-თქო, ამის და ამის სახელობის და ესა და ეს-თქო… ტყემალზე შეჯდა. ვეუბნები, იქნებ შევხვდეთ-მეთქი. არ მცალიაო. ვუთხარი, ახლა 3 წუთში გეტყვი, აგიხსნი, რა არის, თუ არ გახსოვს-თქო. მიპასუხა, ვერ მოგისმენ, ბიუჯეტს გავდივარო. აბა რა ვქნა-თქო? – შევეკითხე. მომწერეო. წერილი შემოვიტანო-თქო? – ვკითხე. მიპასუხა – არა, მეილს მოგწერო და იქ მომწერეო…

მივწერე თვრამეტშივე და აღარასოდეს მიპასუხა, მერე 28-ში კიდევ მივწერე და ვურეკე. მოკლედ, ფეხზე დამიკიდა და ბოლო წამს, ახლობელმა იშოვა ეს მიკროფონ-დინამიკები, აი ძლივს მოვასწარით.

ამდენი იმიტომ ვიბოდიალე, რომ ეს ამხელა ფილარმონია სამსახურის შეფი, ცრუპენტელა, უპასუხისმგებლო და პრეტენზიული გოიმი, ოფიციალურ წერილში მწერს – არ მოუმართავს თხოვნითო და გიჟი გამომიყვანა. თან წერს, გაურკვეველი მიზეზები ამოძრავებსო. კითხვა მაქვს თქვენთან – ეს მიზეზები გაურკვეველია?

მანამდე არაფერი გვეტკინოს, სანამ მე მაგას რამე ვთხოვო და სამაგიეროდ, სხვა ამბებში იქნებ გაითვალისწინოს. კულტურის რაობა მას არ ესმის და იქნებ, გულისხმიერი მაინც გახდეს, თან ხელფასს ამაში ვუხდით.

პ.ს. კინაღამ დამავიწყდა – გოდერძი ჩოხელის 60 წლის იუბილე შარშან იყო და ზარ-ზეიმით აღვნიშნეთ მთელი საქართველოს მასშტაბით. კულტ.მუშაკი კი წელს აპირებს აღნიშვნას.”