17 ნოემბერი, 2015

ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე ქართველებიც წარადგინეს

1astridis-premiaპატარა მკითხველისთვის გამორჩეულად საყვარელი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის სახელობის 2016 წლის პრემიის ნომინანტების ვინაობა უკვე ცნობილია. ყოველწლიური პრემიის მოსაპოვებლად წელს მსოფლიოს 59 ქვეყნიდან 215 კანდიდატია წარდგენილი. მათ შორის არიან ქართველებიც.

ასტრიდ ლინდგრენის პრემია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიაა საბავშვო ლიტერატურაში. პრემიის ოდენობა 5 მილიონი შვედური კრონაა და ის ყოველწლიურად გაიცემა.

პრემია 2002 წელს დაარსდა და ის მსოფლიოს უდიდეს პრემიად არის მიჩნეული ბავშვთა და მოზარდთა ლიტერატურაში. ყოველწლიურად გამარჯვებულ ნომინანტს ან ნომინანტებს თანხა 5-მილიონიანი საპრიზო ფონდიდან გადაეცემათ. ამ პრემიის მფლობელი შეიძლება გახდნენ მწერლები, ილუსტრატორები, ამბის მთხრობელები და წიგნიერების დონის ასამაღლებლად სხვადასხვა პროგრამაში ჩართული ადამიანები. პრემიის მიზანიც ესაა – ბავშვებსა და მოზარდებში ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაღვივება.

ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ნომინანტები საქართველოდან არიან წიგნის ხელოვნების ცენტრი, ნატო დავითაშვილი და თეა თოფურია.

პრემიის ჟიური ლაურეატებს სხვადასხვა ქვეყნის ინსტიტუებისა და ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან არჩევს. პრემიას შვედეთის ხელოვნების კომისია გასცემს, ფინანსურ მხარდაჭერაზე კი შვედეთის მთავრობა ზრუნავს.