17 ნოემბერი, 2015

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსის გამოფენა

1aleqsandre-qartvelis-gamofena„მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება უდიდესი ავიაკონსტრუქტორის, ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსის ალექსანდრე ქართველის გამოფენა.

ალექსანდრე ქართველის ასოციაცია გამოფენაზე წარმოადგენს ქართველი ემიგრანტი ავიაკონსტრუქტორის, ამერიკული და მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორის, ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) მიერ შესრულებულ ესკიზებს და ნახაზებს, მისივე დიზაინით შექმნილი თვითმფრინავების მაკეტებს, საარქივო მასალას, დოკუმენტებს, სტატიებს, ფოტოებს, მულტიმედიურ პროექციებს.

წარმოდგენილი ესქპონატების საშუალებით დამთვალიერებელი შეძლებს თვალი მიადევნოს ალექსანდრე ქართველის პროფესიული და პირადი ცხოვრების გზას და გაეცნოს მის მიერ შექმნილ ლეგენდარულ თვითმფრინავებს.

ალექსანდრე ქართველის გამოფენა ეროვნულ მუზეუმში 17 ნოემბერს გაიხსნება და 2016 წლის პირველ მაისამდე გაგრძელდება.