13 ნოემბერი, 2015

მსოფლიო ვარსკვლავები თბილისში ჩამოდიან

1barokos-festivaliმსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები თბილისში ჩამოდიან. აკადემიური სცენის ცნობილი წარმომადგენლები და ძველი მუსიკის სპეციალისტები ესპანეთიდან, იტალიიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან დედაქალაქს ესტუმრებიან.

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის ორგანიზებით 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით ამიერკავკასიაში პირველად „თბილისის ბაროკოს ფესტივალი“ ჩატარდება.

ფესტივალს გახსნის თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ ესპანელი დირიჟორის იორდი სავალის ხელმძღვანელობით. ყველა კონცერტზე ნაწარმოებები ძველებური ინსტრუმენტებით შესრულდება.

„საქართველოს სინფონიეტა“ ერთადერთი ძველი მუსიკის აკადემიური ანსამბლია რეგიონში, რომელმაც უკვე არაერთხელ მიიპყრო მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზების ყურადღება.

„ბაროკო სტილი“ მუსიკაში, ფერწერაში, სკულპტურაში, ლიტერატურაში დაახლოებით 1600-იან წლებში ჩაისახა და მთელს ევროპას მოედო. ძველი მუსიკის მაქსიმალურად მიახლოვებული მანერითა და შესაბამისი ინსტრუმენტებით შესრულება ევროპაში უკვე ათწლეულებია დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება „ბაროკოს მუსიკის საერთაშორისო სიმპოზიუმი“, რომელიც ბახის, სკარლატისა და ჰენდელის საიუბილეო წელს ეძღვნება.