Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უნიკალური სპექტაკლების ადაპტაცია იწყება

9 ოქტომბერი, 2015

1unikaluri speqtaklebi1საზოგადოებრივი მაუწყებლის გაერთიანებულ არქივში დაცული უნიკალური სპექტაკლების ადაპტაცია იწყება.

გაერთიანებული არქივის ხელმძღვანელის გიორგი ჩართოლანის ინფორმაციით, იწყება ფონდებში დაცული მასალის გაცნობის პროცესი ფართო აუდიტორიისთვის და, პირველ ყოვლისა, იმ პირებისთვის, რომელთაც არ ჰქონიათ წვდომა არა მხოლოდ ამ ფონდების მასალებზე, არამედ თავად იმ ღონისძიებებზე, რომლის ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალებიც არის დაცული ამ ფონდებში.

გიორგი ჩართოლანი:

“საქმე ეხება ახალ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, კერძოდ კი სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის საფონდო უნიკალური სპექტაკლების ადაპტაციას. უნდა განხორციელდეს მსოფლიოში აღიარებული რეჟისორების რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძის, მიხეილ თუმანიშვილის და სხვათა სპექტაკლების სუბტიტრირება ან სურდოთარჯიმნით მათი აღჭურვა. ეს შესაძლებლობას მისცემს ამ კატეგორიის პირებს გაეცნონ და ეზიარონ იმ მაღალ შემოქმედებას, რომლის ხილვის და სრულყოფილი აღქმის შესაძლებლობა მათ აქამდე არ გააჩნდათ.

ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ამ ნიმუშების ჩვენება შესაბამის დარბაზებში, სადაც სპექტაკლების ჩვენებასთან ერთად, მაყურებელი შეხვდება ამ სპექტაკლების შემქმნელ შემოქმედებით კოლექტივებს, მოხდება მათთან გასაუბრება სპექტაკლის დაწყებამდე და მის შემდეგ.

ვფიქრობთ, ეს აქცია, რომელიც იქნება მუდმივმოქმედი და არა ერთჯერადი, კიდევ ერთი საჭირო ნაბიჯი იქნება საზოგადოების ყველა წევრის ინტეგრაციის პროცესში და, რაც მთავარია, კულტურულ ღირებულებებთან ზიარების პროცესი შესაძლებელი იქნება ნებისმიერი კატეგორიის ადამიანისთვის.”