29 ოქტომბერი, 2015

“თუმანიშვილის ვაშლი” საუკეთესო ავტორებს გადაეცათ

1axali-piesis-konkursis-gamarjvebulebiმიხეილ თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული პრემიის „ახალი ქართული პიესა 2015“-ის გამარჯვებულები საზეიმოდ დააჯილდოვეს. მათ ფულად პრემიასთან ერთად ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცათ.

წელს კონკურსში სულ 12-მა პიესამ მიიღო მონაწილეობა. მათგან საუკეთესოდ ჟიურიმ დავით ფირცხალავას, ალექს ჩიღვინაძის, თამარ ბართაიასა და ირაკლი ცხადაიას პიესები მიიჩნია.

გასულ წელს ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულ პიესებს საზღვარგარეთ დიდი წარმატება ხვდათ წილად. სამი გამარჯვებული პიესიდან ორი უკვე დაიდგა გერმანიაში: დათა თავაძის „დედაომი“ ციტაუს სახელმწიფო თეატრში განხორციელდა, ბასა ჯანიკაშვილის „გაბრაზებული ჩიტი“ კი ნიურნბერგის სახელმწიფო თეატრში იქნა წარმოდგენილი.

2006 წლიდან დღემდე, თუმანიშვილის ფონდი დრამატურგიაში ორ კონკურსს ატარებს: „ახალი ქართული პიესა“ და „ახალი თარგმანი“. წლების განმავლობაში კონკურსების ფარგლებში 140-მა ავტორმა 223 პიესა, ხოლო 67-მა მთარგმნელმა 123 პიესის თარგმანი წარმოადგინა.

თუმანიშვილის ფონდი 1998 წლის 27 მარტს მთარგმნელის, მწერლისა და თეატრალური მოღვაწის მანანა ანთაძის ინიციატივით დაარსდა, რომელსაც წელს ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია უილიამ შექსპირის პიესების მრავალწლიანი ნაყოფიერი მთარგმნელობითი საქმიანობის გამო გადაეცა.

დღეს კი „თუმანიშვილის ფონდის“ დამაარსებელს მანანა ანთაძეს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ გადასცა მიხეილ თუმანიშვილის პრიზი „ხელოვნებაში სრულყოფილებისათვის“.